ახალი ამბები

კორონავირუსის დელტა შტამისთვის სურდო და თავის ტკივილია დამახასიათებელი

15 ივნისი, 2021 • 2962
კორონავირუსის დელტა შტამისთვის სურდო და თავის ტკივილია დამახასიათებელი

თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო – ძირითადი სიმპტომებია, რომელიც კორონავირუსის დელტა შტამისთვისაა დამახასიათებელი.

აღნიშნული შტამი თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა და, როგორც BBC წერს, ამჟამად ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90%-ში ვლინდება.

პროფესორ სიმ სპექტრორის თქმით, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს სწავლობს, დელტა შტამი ახალგაზრდებში გაციების სიმტომებით ვლინდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები თავს მძიმედ არ გრძნობენ, დაავადების გამავრცელებლები არიან და სხვებს აყენებენ რისკის ქვეშ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთში კოვიდდადასტურებულ პაციენტებში სიცხე კვლავ მთავარ სიმპტომად რჩება, თუმცა სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა 10 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს შორის აღარ გვხვდება.

როგორც BBC წერს, ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ სეზონური გრიპი აქვს და თავშეყრის ადგილებს ეწვიოს, სადაც ვირუსს სხვებს გადასდებს.

შესაბამისად, ახალგაზრდა პირებს, რომლებიც გაციების მსუბუქ სიმპტომებს გრძნობენ, ურჩევენ შინ დარჩნენ და კორონავირუსის ტესტი ჩაიტარონ.

როგორც Ipn წერს, დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 15 ივნისის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის დელტა (ინდოეთში გამოვლენილი) შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ ეს შტამი გავრცელებას საქართველოშიც იწყებს:

“სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა”(ინდური შტამი) შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, წამყვანი ხდება „დელტა” შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას”,- აცხადებს პაატა იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი