ახალი ამბები

შეფერხების დროს მეტროს არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა – სატრანსპორტო კომპანია

14 ივნისი, 2021 •
შეფერხების დროს მეტროს არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის დროს მეტროს არცერთი ვაგონი გვირაბში არ გაჩერებულა. ყველა მგზავრმა ამ პერიოდისთვის უსაფრთხოდ დატოვა მეტროსადგურები.

როგორც უწყებაში ამბობენ, შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. ამასთანავე:

„14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.

ამ ეტაპზე ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა“, – ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.


დღეს, დაახლოებით, 14:00 საათზე, საქართველოში  მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც შემდგომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ (სსე) განმარტა, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500- კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი