ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის [OSCE) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი ხვალ საქართველოში ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 14-15 ივნისამდე გაგრძელდება, გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებს შეხვდება. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იგეგმება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
ჰელგა მარია შმიდი განიხილავს საქართველოსთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, ასევე ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენერალური მდივანი ასევე მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში.
ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც წერია რომ ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში, წყლის მომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.