ახალი ამბები

აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის ფასილიტაციას მიესალმება

12 ივნისი, 2021 • 1152
აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის ფასილიტაციას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას ეხმაურება და ამ პროცესებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციას მიესალმება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

“ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს. შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოვლენების ამგვარ განვითარებას და იმედოვნებს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება უფრო მეტ თანამშრომლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნიშნულია, რომ აშშ კვლავ განაგრძობს ყველა დაკავებული პირის გათავისუფლების მოთხოვნას და მზად არის რეგიონის ქვეყნებს თანამშრომლობის გაგრძელებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაში გაწეულ ძალისხმევაში დაეხმარონ.

“ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ მოწოდებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, კონფლიქტის სრული პოლიტიკური მოგვარების მიზნით”, – წერია განცხადებაში.

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი საქართველოს გავლით სომხეთის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.

მთავრობის ცნობით, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული, როგორც ფასილიტატორი. პროცესებში ჩართული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერიც.

ღარიბაშვილის ფასილიტაციით და აშშ-ს ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი