ახალი ამბები

ცესკოში იმიტირებული არჩევნები ტარდება

12 ივნისი, 2021 • 797
ცესკოში იმიტირებული არჩევნები ტარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკოს შენობაში პოლიტიკური პარტიების მიერ ინიცირებული იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ცესკოს ცნობით, ამომრჩევლების რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღნიშნული პროცესების ჩასატარებლად შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც როგორც ცესკოს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. კენჭისყრას კი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრებში ცესკოს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის არის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ და „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი