ახალი ამბები

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა

12 ივნისი, 2021 • 833
ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მისი განცხადებით, ვაშინგტონში ის შეხვედრას გეგმავს როგორც კონგრესის, ასევე სენატის, უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

“ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე. იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა ძალიან ბევრი შეხვედრა შედგება ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებს, როგორც ეკონომიკური ასევე საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში. ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ახლოს არის დაკავშირებული საქართველოსთან, ჩვენს რეგიონთან”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, შეხვედრებისას ის ისაუბრებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ხედვებსა და გეგმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.

“მე დარწმუნებული ვარ ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ისე, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი და ვფიქრობ ეს 10-დღიანი, საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ვაშინგტონში უკვალოდ არ ჩაივლის და ეს კვალი უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას დაეტყობა. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ როგორც არასდროს ისეთი მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის თვეში გასამართ არჩევნებს”, – განმარტა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი