ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სახელწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა დაინტერესებულია, რომ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებული მოვლენები დიალოგის რეჟიმში გადავიდეს.
“ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა და იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.
მისი თქმით, ნამახვანჰესის აშენება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთის აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა არ არის მედიაცია, არამედ ეს არის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გადაწყვდება დაიწყება თუ არა მედიაციის პროცესი.
“დღევანდელი დღის მიზანია, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების დაყენების შემდეგ განისაზღვრება ის, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის ზოგადად გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება”, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და ის კვლავ ძალაში რჩება. კერძოდ ისინი ითხოვენ, რომ შენწყდეს ჰესის მშენებლობის პროცესი და პოლიციამ დატოვოს რიონის ხეობა. გოლეთიანის განმარტებით, ეს არის ის მინიმალური პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შეიქმნება მშვიდობიანი სივრცე და მხარეები მოლაპრაკებებს დაიწყებენ.