ახალი ამბები

ბოლნისში ათობით მოქალაქე ისტორიული კინოთეატრის გადარჩენას ცდილობს

11 ივნისი, 2021 • 2452
ბოლნისში ათობით მოქალაქე ისტორიული კინოთეატრის გადარჩენას ცდილობს

ბოლნისში ათობით მოქალაქე ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ღირშესანიშნაობის — კინოთეატრის გადარჩენას ცდილობს.

20-მდე ადგილობრივმა შენობა რამდენჯერმე დაასუფთავა — გაიტანა ტექნიკური ნაგავი, ჩაატარა დეზინფექცია, მოაწესრიგა. კვირას, 13 ივნისს, აქ ათწლეულებში პირველად გაიმართება კინოჩვენება. ამ დღეს აქ გიგა ლიკლიკაძის „ღორს“ აჩვენებენ. 

ერთ-ერთი იმ აქტივისტებს შორის, ვინც ამ საჯარო სივრცის გადასარჩენად იბრძვის, ვანო ერისთავია. ის გვიყვება, რომ კინოთეატრის რეაბილიტაციის იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა.

„ჩვენი ინიციატივა 2014 წლიდან იღებს სათავეს, დღეს კი ვართ იმ ეტაპზე, რომ მერიაზე შეთანხმებითა და კომუნიკაციით შევინარჩუნოთ შენობის კონცეფცია, მოხდეს შენობის პროექტირება და აღდგეს, როგორც კინოთატრი, და არამხოლოდ. ასევე განთავსდეს შიგნით კაფე, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვაც ექნება“, — უყვება ნეტგაზეთს ვანო ერისთავი.

ის აცხადებს, რომ ფილმის ჩვენება კინოთეატრის დარბაზში გაიმართება, სადაც ჯერ კიდევ დგას სკამები. ჩვენებამდე კი საინიციატივო ჯგუფმა 50 შეკვრა ნაგავი გაიტანა, მორეცხა ყველაფერი და დეზინფექციაც ჩაატარა.

“ჩვენი აქტივობებით ჩანს კიდეც, რამდენად მნიშვნელოვანია ბოლნისისა და ზოგადად, რეგიონებისთვის მსგავსი სივრცეების განვითარება. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალგაზრდების დაბრუნებას, კულტურის ახალი სივრცეების დანერგვასა და განვთარებას.

ჩვენი მიზანიც ესაა: დავაბრუნოთ კინოთეატრი და ის იყოს როგორც კულტურული, ის არაფორმალური განათლების სივრცე“, — ამბობს ვანო ერისთავი.

როგორც ის ამბობს, ადგილობრივ მერიასთან შენობის რეაბილიტაციაზე მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს, საკითხით მერიაც დაინტერესებული ჩანს, თუმცა მისი გადაწყვეტა “დროს მოითხოვს”.

„არ არსებობს საქართველოში ასეთი სივრცეების მართვის გამოცდილება, ახალი ამბავია  რეგიონალური კინოთეატრის ფუნქციონირება. მზაობა გამოითქვა მერიის მხრიდან, რომ თანხები გამოიყოს რეაბილიტაციისთვის. იმედები გვაქვს“, — ამატებს ერისთავი.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს ასევე ეხმარება ჟურნალი „ინდიგოც“.

სამუშაოების მხარდასაჭერად ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფიცაა შექმნილი, რომელსაც თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეს, მას „ერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის“ ჰქვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი