ახალი ამბები

ნატო-ს სამიტზე საქართველოზეც იმსჯელებენ

10 ივნისი, 2021 • 1385
ნატო-ს სამიტზე საქართველოზეც იმსჯელებენ

ნატო-ს სამიტზე ბრიუსელში, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, საქართველოსთან ურთიერთობაზეც იმსჯელებენ.

სამიტის დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი:

  1. პოლიტიკური კონსულტაციების გაღრმავება
  2. შეკავების და თავდაცვის გაძლიერება
  3. მედეგობის გაზრდა
  4. ტექნოლოგიების გაძლიერება
  5. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერა
  6. პარტნიორების მომზადების ამაღლება
  7. კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა
  8. მომავალი სტრატეგიული კონცეფცია
  9. ინვესტირება ალიანსში

დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-5 საკითხი — წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერა — მოიცავს რუსეთთან, საქართველოსთან და უკრაინასთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებს.

“როცა საქმე წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ეხება, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ალიანსის ფასეულობებს არ იზიარებენ და ამ წესრიგის წინააღმდეგ წინა ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ფასეულობებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე. ევროატლანტიკურ არეალში უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფად ნატო-მ უნდა ითამაშოს უფრო დიდი როლი წესებზე დაფუძნევული საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებაში. ეს გულისხმობს საერთო ღირებულებისა და ინტერესების დასაცავად ერთხმად პოზიციონირებას. ალიანსის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებებს ურთიერთობების გაღრმავებაზე თანამოაზრე სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახლოს და შორს, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანეთის არეალში”, — ნათქვამია სამიტის დღის წესრიგში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შეტანა ქართული დიპლომატიის წარმატებად შეაფასა.

“გვაქვს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია — ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, საქართველოს საკითხი შეტანილია ნატო-ს უახლოესი სამიტის დღის წესრიგში. საკითხი დასათაურებული, როგორც საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელიც არის წესებზე დაფუძნებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა განიხილება ნატო-ს პრიორიტეტულ დღის წესრიგში სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი”, — განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს თემატიკა განიხილება ყველა მიმართულებით, უსაფრთხოების და ოკუპაციის ჩათვლით და გაკეთდება მოწოდება რუსეთისადმი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ზალკალიანი გამოეხმაურა ოპონენტებს, რომლებმაც ხელისუფლება გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველო არ მიუწვევიათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი თქვა, რომ ალიანსის გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა არ მიიწვიოს სამიტზე, ჰგავს მშობლების საქციელს, რომლებმაც შვილებს უთხრეს, ეზოში არაფერი ესაქმებოდათ და საშინაო დავალების შესასრულებლად გაგზავნეს.

როგორც წესი, ნატო-ს სამიტის მთავარ შეხვედრას მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებიან, თუმცა წინა სამიტების ფარგლებში, ამავდროულად, იმართებოდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც ამჯერად ჩანიშნული არ არის.

“იმ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რომელიც გავწიეთ პარტნიორებთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ სამიტის დეკლარაციაში მნიშვნელოვნად იქნება ასახული პროგრესი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი დიპლომატიის ძალიან დიდი წარმატება, ჩვენი საქმიანობის და თანმიმდევრულობის შედეგად წინ მივიწევთ ინტეგრაციის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში ძლაიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გვესმოდა, რომ თითქოს საქართველო მიწვეული არ არის, საქართველოს საკითხი არ არის დღის წესრიგში. რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია — ჩვენ გვექნება საქართველოს საკითხის სრულფასოვანი განხილვა და ეს ჩვენი აქტიური საქმიაობის შედეგია”, — განაცხადა ზალკალიანმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 14 ივნისს დაგეგმილია “განსხვავებული ფორმატის სამიტი”, რომელზეც არცერთი პარნტიორი არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს არის მოსამზადებელი სამიტი 2022 წლისთვის. მიუხედავად ამისა, ზალკალიანის თქმით, საქართველო ამ სამიტზე “მაქსიმუმ შედეგს დადებს”, რაშიც საზოგადოება დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ დარწმუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი