საქართველოს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ.
ბოლო პერიოდში, — ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, — სახალხო დამცველი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, ცალკეულმა პირებმა და ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული დესტრუქციული ძალები ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადაყენებას, რომელიც არის დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებების მატარებელი. ის მრავალი წლის განმავლობაში ამ სფეროში წარმატებით მუშაობდა“, – წერია აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლების მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ნინო ლომჯარია არა მხოლოდ ღირსეული ჩინოვნიკი, არამედ ღირსეული მოქალაქეცაა. მისი პოზიცია სკოლაში განვითარებული მოვლენებისადმი და გაბედულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია და ამავე დროს ღირსეული ადამიანიცაა. ის სამართლიანი და მიუკერძოებელია საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. მისი საქმიანობის შედეგად, უმცირესობების მიმართაც უსამართლო მოპყრობამ სამართლებრივი შეფასება მიიღო.
ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, მხარს ვუჭერთ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ შეაჩერონ ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც მოითხოვენ მისი თანამდებობიდან გადაყენებას. სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი აკისრია დემოკრატიული საზოგადოებების ფორმირებაში. სახელმწიფო არის ინსტიტუტი, რომელმაც უნდა შექმნას რეფორმების განხორციელების შესაძლებლობები და მან უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ დონეზე.
ჩვენ მოვითხოვთ დესტრუქციული ძალების რადიკალური ქმედებების გამოძიებას და აღკვეთას საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობის ფარგლებში. ასევე მოვითხოვთ საზოგადოებაში ლიბერალური სეგრეგაციის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გავრცელების აღკვეთას და საზოგადო მოღვაწეებისათვის თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად თავისუფალი გარემოს შექმნას.
ჩვენ, როგორც საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოება თანაბარი უფლებებით ნინო ლომჯარიას ვუცხადებთ სოლიდარობას“, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“
- „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“
- „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“
- „პლატფორმა – სალამი“
- აქტუალ მედია
- „საქართველო ლიდერი მედია“
- „სუფთა ამბავი“ „ინტერპრესს“
- სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა
- ჟურნალისტი, ჯეიჰუნ ნარზალოვი
- პოლიტიკოსი, ახმედ იმამკულიევი
- პოლიტიკოსი, აგილ მუსტაფევი
- პოლიტიკოსი, მურად მურადოვი
- პოლიტიკოსი-იურისტი, ალი ბადიროვი
8 ივნისს “ალტ-ინფომ” მთავარეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზება მოახდინა, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი და პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის (ე.რ.ი.) ლიდერი ლევან ვასაძეც. აქციის მონაწილეები თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ და ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვეს.
აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ლომჯარია ამ საკითხში არ უნდა ჩარეულიყო.
ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა ლევან ვასაძემაც, რომელიც აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მღვდელმთავარ სპირიდონს და პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენები ცილისწამებად შეაფასა.
რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ