ნეტგაზეთი | რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ – Netgazeti
RU | GE  

რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ნინო ლომჯარიასა და მისი თანამშრომლების, ასევე ზოგადად ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები განმარტავენ, რომ სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია და მისი ვალდებულებაა, ყოველგვარი მიკერძოებულობის გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებებიც ილახება და “დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად”.

“განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან.

დარწმუნებული ვართ, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ შეტევა, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდება, რადგან გვეიმედება საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მასობრივ გამოხატვას ნეგატიურად და კრიტიკულად აფასებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენის საქმიანობას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო, ევანგელისტური ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, მეგობრთა საზოგადება – კვაკერები, სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, ხსნის არმია, ევანგელური ეკლესია “ურყევი საფუძველი”.

გუშინ, 8 ივნისს, “ალტ-ინფომ” მთავარეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზება მოახდინა, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი და პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის (ე.რ.ი.) ლიდერი ლევან ვასაძეც. აქციის მონაწილეები თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ და ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ლომჯარია ამ საკითხში არ უნდა ჩარეულიყო.

ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა ლევან ვასაძემაც, რომელიც აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მღვდელმთავარ სპირიდონს და პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენები ცილისწამებად შეაფასა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი