ნეტგაზეთი | ოზურგეთის ფქვილის ქარხნის გაფიცვა დასრულდა – მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილდება ოზურგეთის ფქვილის ქარხნის გაფიცვა დასრულდა – მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილდება – Netgazeti
RU | GE  

ოზურგეთის ფქვილის ქარხნის გაფიცვა დასრულდა – მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილდება

ოზურგეთში ფქვილის ქარხნის მუშების გაფიცვა 38-ე დღეს დასრულდა.

როგორც საწარმოს თანამშრომლებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, კომპანიის ადმინისტრაცია თანახმაა, რომ მშრომელების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

მშრომელების განცხადებით, მათ გაეზრდებათ ხელფასები, გაუფორმდებათ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები და გაუმჯობესდება შრომითი პირობები ქარხნის ტერიტორიაზე.

“ხელფასი გვექნება ფიქსირებული 650 ლარი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად დაემატება 50 ლარი და მიაღწევს 800 ლარს. ასევე, გვექნება კოლექტიური ხელშეკრულებები. შაბათს გაფორმდება ხელშეკრულება და ჩვენი ყველა მოთხოვნა ოფიციალურად დაკმაყოფილდება, მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნები, როგორიცაა გასახდელის მოწყობა, სამზარეულო და სხვა”, – უთხრა საწარმოს ერთ-ერთმა მშრომელმა ნეტგაზეთს.

მისივე განცხადებით, თანამშრომლები მუშაობას ორშაბათიდან, ახალი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, დაიწყებენ.

ინფორმაცია გაფიცვის დასრულების შესახებ ნეტგაზეთს დაუდასტურეს “გურია ექსპრესშიც”, რომელიც ქარხნის მფლობელი კომპანიაა.

კომპანიის თქმით, მათ მიაღწიეს ზეპირ შეთანმხებას მუშებთან, რომელიც იურიდიულად შაბათს უნდა გაფორმდეს.

ოზურგეთის ფქვილის ქარხნის გაფიცვა 38 დღე გრძელდებოდა. მუშები ხელფასების 150 ლარით მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოთხოვნებს მოგვიანებით დაემატა კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნაც.

ქარხნის მუშების პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს პროფკავშირებმაც და სხვა საწარმოების მუშებმაც. პროტესტის დროს ოზურგეთელ გაფიცულებს ბორჯომის მინერალური წყლების ქარხნის მუშებმა, სოლიდარობის ნიშნად, თითქმის ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა გაუგზავნეს.


ფოტო გარეკანზე: თაზო ნადირაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com