ახალი ამბები

რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ინტიმური ურთიერთობის ფარულად გადაღების ბრალდებით დააკავეს

10 ივნისი, 2021 •
რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ინტიმური ურთიერთობის ფარულად გადაღების ბრალდებით დააკავეს

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ზაბილ გოჯაევი ინტიმური ურთიერთობის ფარულად გადაღების ბრალდებით დააკავეს.

გოჯაევმა, — რომელიც რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთი კვირით ადრე დაინიშნა, — წინა დღით დატოვა თანამდებობა.

როგორც „ნეტგაზეთს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, 9 ივნისს გოჯაევი რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შსს-მ 10 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა“, – წერს შსს.

ბრალდებაში დაზუსტებული არ არის, თუ ვინ და სად გაავრცელა აღნიშნული მასალა.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


საქართველოში პირადი ცხოვრების ამასხველი ინფორმაციის ხელყოფის საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს. ამ კანონის მიხედვით, ისჯება არა მხოლოდ ის, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა, არამედ ისიც, ვინც ეს მასალა თუნდაც ერთ ადამიანს სოციალურ ქსელში ან სხვა გზით გაუზიარა, ან შეინახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი