ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში შუახნის კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა მათ ბრალად ედებათ არა მკვლელობა, არამედ ცრუ ჩვენების მიცემა.
ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი, შუახნის კაცი, რობინზონ თუთარაშვილი მოკლეს. ნათესავების ცნობით, მას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს.
მათ თანახმად, 47 წლის რობინზონ თუთარაშვილი სასტიკად იყო ნაცემი და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულს ფულს სძალავდნენ ხოლმე: „აწერდნენ ფულს, 100, 200 დოლარს, მერე ვეღარ მისცა და მაგაზე [მოხდა შელაპარაკება]“, – ამბობს ერთ-ერთი ნათესავი, ირმა თუთარაშვილი.
„ნეტგაზეთს“ 8 ივნისს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
10 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია ამ საქმეზე პირთა დაკავების შესახებ. „ტვ პირველთან“ ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი ადასტურებს, რომ დაკავებულია სოფელ ჩიხარეშში მისი რწმუნებულის მეუღლე.
„ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, თუმცა ისინი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.