ახალი ამბები

მელია: ამ დარბაზში ვარ, რათა თითოეული თქვენგანი სათითაოდ გავიყვანო აქედან

9 ივნისი, 2021 • 928
მელია: ამ დარბაზში ვარ, რათა თითოეული თქვენგანი სათითაოდ გავიყვანო აქედან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის პარლამენტში შესვლის შემდეგ სიტყვით პირველად გამოსვლისას აცხადებს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის მოქმედი შემადგენლობის დარბაზიდან გასაყვანად და ახალი არჩევნების გზით საკანონმდებლო ორგანოს ხალხის ნებისამებრ დაკომპლექტებისთვისაა.

მელია სიტყვით გამოსვლაში “ოცნების” დეპუტატებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი ერთი ადამიანის ტყვეობაში არიან:

“რატომ ვარ დღეს მე აქ. ერთადერთი, რის გამოც დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, მკაფიო და კონკრეტული ამოცანაა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რათა თითოეული თქვენგანი, ვინც აქ ხართ, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო სანოტარო კანტორად აქცია.

დღეს ჩემ გარშემო რა ხალხიც სხედხართ, ბევრი თქვენგანიც კი გულის სიღრმეში მეთანხმებით, რასაც ვსაუბრობთ ოპოზიციონერები. თუმცა, თუკი საჯაროდ ხელოვნური, ცინიკური პასუხებით გადიხართ ხოლმე ფონს მედიასთან ურთიერთობისას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ როდესაც გულახდილად ესაუბრებით თქვენს მეგობრებს, არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული. ის, რაც მთელმა მსოფლიომ გაიგო დღეს, სახელმწიფო მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ” ,- ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაა ის ადამიანი, რომელზეც ხშირად უნდა ისაუბრონ, თუმცა აცხადებს, რომ მან ისევე, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუცია, რიგითი დეპუტატებიც მიტაცების ინსტრუმენტად აქცია:

“მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელზეც ხშირად უნდა ვისაუბრო, მაგრამ ესაა მოცემულობა. ისაა ადამიანი, რომელმაც პოლიცია, მთავრობა და თითოეული თქვენგანი აქცია მიტაცების ინსტრუმენტად. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ თქვენ არ ეკუთვნით საკუთარ თავს. თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, პოლიტიკური კაპიტალი არ გაქვთ. მე არ ვამბობ, რომ თქვენ ასე გინდოდათ, როდესაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხვედით, მაგრამ აღმოჩნდით ტყვეობაში.

როდესაც გიყურებთ და გისმენთ, მეც კი არ მჯერა, რომ მართლა შეიძლება ადამიანი ამ ქვეყანაში დაიბადოს, გაიზარდოს და ოლიგარქის უსიტყვო მორჩილებაში იყოს. თქვენ ახლა ხართ დასახსნელი ამ ტყვეობიდან. მე კარგად ვიცი, რომ როგორც ნამდვილ პატრიოტს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უწევს უსამართლო პოლიციასთან, პროკურორთან და მოსამართლესთან დაპირისპირება, თქვენც იგივე შიშები გეშლებათ ხოლმე და ფიქრები. თუკი გაბედავთ და ხვალ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებთ, ეს პოლიტიკური პოლიცია თქვენც დაგიპირისპირდებათ” – აცხადებს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი