ახალი ამბები

შეგვიძლია ამ ქვეყანაში მოვიტანოთ კეთილდღეობა, თუმცა საჭიროა გაერთიანება — მელია მოქალაქეებს

9 ივნისი, 2021 • 634
შეგვიძლია ამ ქვეყანაში მოვიტანოთ კეთილდღეობა, თუმცა საჭიროა გაერთიანება — მელია მოქალაქეებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს, 9 ივნისს, პირველად გამოვიდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საკუთარ გამოსვლაში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ საზოგადოების სხვადასხვა წევრს მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა გაერთიანება.

“მინდა მივმართო საზოგადოებას. ძვირფასო მეგობრებო, ასიათასობით სოციალურად დაუცველ მოქალაქეს მინდა მივმართო, რომლებიც მილიარდერი ადამიანის [მმართველობის] პირობებში სახელმწიფოს მხრიდან 2-ლარიან დღიურ შემწეობაზე ხართ. მინდა მოგმართოთ საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც დანაზოგის გარეშე ხართ დარჩენილნი. სამწუხაროდ, უმარტივესი ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ სიღარიბეში. მინდა მივმართო პედაგოგებს, რომლებსაც უმცირესი ხელფასი გაქვთ და არანაირი დაფასება არ გაქვთ მილიარდერის რეჟიმის მხრიდან.

მინდა მივმართო 75 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, რომლებიც განათლებას ვეღარ იღებთ იმის გამო, რომ ფული აღარ გაქვთ. მინდა მივმართო 60 ათასი ბავშვის მშობელს, რომელსაც ყოველდღიურად აუბედურებს კითხვა, როგორ გამოვკვებო ჩემი შვილი. მინდა მივმართო 80 ათასი ბავშვის მშობელს კომპიუტერისა და ინტერნეტის არქონის გამო, სასკოლო განათლება რომ ვერ მიეცით თქვენს შვილებს. მინდა მივმართო ყველა გაფიცულ საქართველოს მებრძოლ და პირამოკერილ მოქალაქეებს, ძვირფასებო, ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში მოვიტანოთ კეთილდღეობაც, დოვლათიც და წარმატებაც, თუმცა ამისთვის საჭიროა გაერთიანება.

გაერთიანება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის წინააღმდეგ და ეს გაერთიანება უახლოეს კვირებში უნდა შედგეს, რათა ოქტომბრის თვეში თქვენ უკვე აღარ იყოთ მართვის სადავეებთან. ხომ ეჭვი არ გეპარებათ თავად, რომ როგორც კი 43%-ს ვერ აიღებთ, ნახევარი თქვენგანი დატოვებს “ქართულ ოცნებას”. არ დაგიტოვებიათ, თუ რა?” — განაცხადა მელიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი