ახალი ამბები

100 წელი თუ 49-ად გადაკეთდება, მხოლოდ ეს არ გადაჭრის პრობლემას – გოლეთიანი ღარიბაშვილზე

9 ივნისი, 2021 • 2886
100 წელი თუ 49-ად გადაკეთდება, მხოლოდ ეს არ გადაჭრის პრობლემას – გოლეთიანი ღარიბაშვილზე

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თუკი მთავრობის ახალი განცხადება გულისხმობს იმას, რომ პრობლემა მხოლოდ მიწის 100 წლით გადაცემაშია და თუ ეს რიცხვი შეიცვლება, პრობლემაც მოგვარდება, ეს ასე არ არის.

„ფაქტია, რომ [მთავრობა] ამბობს, რომ [პროექტი] ასე ვერ გაგრძელდება. ახლა ზუსტად უნდა გავიგოთ, რა ცვლილებები [განიხილება]“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა 9 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე საპასუხოდ.

„რაც იკვეთება, არის ის, რომ არა აქვს გუნდს საერთო პოზიცია“, – თქვა გოლეთიანმა. „მათი ჭკუით, ყველაფერი კარგად იყო ამდენი ხანი. და თუ ახლა „პრობლემა“ ერქმევა საკითხს, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჯერ ვთქვათ ყველა პრობლემა და შემდეგ გვითხრან, რომელი პუნქტი კმაყოფილდება ამ პრობლემებიდან“.

„თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ 100 [წელი] 49-ით გადაკეთდება მხოლოდ და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა 9 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა პრემიერის მხრიდან „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის აუცილებლობას ხაზი: „სასურველი იყო, რომ ჯერ ჩვენ შეგვხვედროდა, სრულ სპექტრს ვეტყოდით პრობლემებისას და ამის შემდეგ წასულიყვნენ და ემსჯელათ ინვესტორებთან“, – თქვა მან.

რა თქვეს ღარიბაშვილმა და თურნავამ?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდება, თუმცა, არა იმ პირობით, რომლის თანახმადაც ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში მიწა 99 წლით გადაეცემა.

9 ივნისს ქუთაისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს ინვესტორთან, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების პირობები გაუმჯობესდეს:

„ეს, პირველ რიგში, ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება მიწის იჯარაში გადაცემის წლოვანობას“, — განაცხადა მან.

„99 წელი, მართალია, შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით მართლაც არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავამ ასევე განაცხადა, რომ „როცა ეს იქნება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა: „მინდა გითხრათ, რომ ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რითაც ახლა ეს პროექტი არის, და ის პირობები, რაც ჩვენ დაგვხვდა, — 100 წელი და ა.შ., — მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს“.

„ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და, მე დიდი იმედი მაქვს, ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეების, საუკეთესო ინტერესების გამტარებელი“, — დასძინა მან.

ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, მიწის სარგებლობაში ფლობის გარდა, სხვა რა პირობების ცვლილებას გულისხმობდა.

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

 

პროექტი და კრიტიკა

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

ხელშეკრულებას, რომელსაც „რიონის ხეობის მცველები“ და მხარდამჭერი ორგანიზაციები სახელმწიფოსთვის კაბალურად მიიჩნევენ, 2019 წლის აპრილში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების კვალდაკვალ, 2019 წლის 21 ნოემბერს N2405 განკარგულებით, ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.

როგორც „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებდა, განკარგულების თანახმად, წყალტუბოს, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში „ენკას“ 576.3 ჰექტარი გადაეცა, მათ შორის  198 ჰექტარი ტყე. ამაში კი კომპანიას, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

უკანასკნელ პერიოდში პროტესტის ფონზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს არა მხოლოდ მიწის გადაცემის საკითხზე, არამედ სხვადასხვა — გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობისა თუ კონტრაქტის — ნაწილში.

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას ჰესის მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევის გამო მხოლოდ პირგასამტეხლო ეკისრება და არა ზიანის ანაზღაურება, კომპანიას კი მრავალ შემთხვევაში შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფოსაგან.

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი