ახალი ამბები

12 თვე გვაქვს პროექტის გასაუმჯობესებლად – თურნავა „ნამახვანჰესზე“ დოკუმენტების დაგვიანებაზე

9 ივნისი, 2021 • 1286
12 თვე გვაქვს პროექტის გასაუმჯობესებლად – თურნავა „ნამახვანჰესზე“ დოკუმენტების დაგვიანებაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობას დაახლოებით 12 თვე აქვს ნამახვანჰესის პროექტის გასაუმჯობესებლად.

8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ კომპანია „ენკას“ ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა, რომელიც აპრილში იწურებოდა, თითქმის ერთი წლით გაუხანგრძლივა.

9 ივნისს ნათია თურნავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ გაუხანგრძლივეს კომპანიას საბოლოო სამშენებლო დოკუმენტისა და საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადა, რაზე მან უპასუხა:

„ეს სწორედ იმას ნიშნავს, რაზეც ჩვენ აქამდეც გვქონდა გაცხადებული, რომ დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა ნამახვანში“.

„ამ 12 თვის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ“, – თქვა თურნავამ და დასძინა, რომ ექსპერტები ამაზე უკვე მუშაობენ.

„ახლა უკვე ველოდებით მათგან [15-მდე ექსპერტული ორგანიზაციისგან პასუხს], რა აღმოაჩინეს ამ [„ნამახვანჰესის“ პროექტში არსებულ] კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს“, – განაცხადა მან.

„ყოველ შემთხვევაში, კაშხალი და მისი მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ვადის გახანგრძლივება

ახალი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, რომ კომპანია აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას ვერ ასრულებდა. ამის შემდეგ, მარტში, სახელმწიფომ ჰესის ძირითადი ნაგებობების აშენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ახლად გამოვლენილი გარემოება უჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობაზე 9-12-თვიანი მორატორიუმის გამოცხადება არ ყოფილა დემონსტრაციების პასუხად გადადგმული რეალური კომპრომისული ნაბიჯი, – როგორც ამას სახელმწიფო უჩვენებდა.

ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილმა EMC-მ) გაავრცელა სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ვრცლად:

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

მასალების გადაბეჭდვის წესი