ახალი ამბები

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება – კობახიძე

9 ივნისი, 2021 • 1220
გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და “ნაციონალური მოძრაობის” შორის შესაძლო კავშირებზე საუბარი ახლა იმიტომ დაიწყო, რომ გახარიას პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ ეს “თემაც” გააქტიურდა.

მისი თქმით, “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში გახარიას მნიშვნელოვანი “წამოცდენა” ჰქონდა, როცა “ოცნების” ლეგიტიმაციის პრობლემაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, ეს “წამოცდენა” ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა.

“ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა გახარიას, თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გადალახოს 43 -პროცენტიანი ბარიერი და მან ზუსტად იცის, არ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა… თქვა, რომ ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მაინც ჰქონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა. ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, აქაც ემთხვევა გახარიას და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს. ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა. მე მექნება იმის საშუალება, რომ ამ დღეებში დეტალურად განვმარტო ყველაფერი, მათ შორის ოპოზიციურ მედიაში”, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნებით “სხვის ბუდეში კვერცხის დადება” მოინდომა.

“ეს ყველაფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გახარიას და ეს დავასრულეთ ძალიან მარტივად, პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს მარტივად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა. აქედან გამომდინარე თემა გახდა აქტუალური და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ამ დეტალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი