ახალი ამბები

ვფიქრობ, მესამე დოზა დაგვჭირდება უფრო მყარი იმუნიტეტისთვის — გამყრელიძე

9 ივნისი, 2021 • 6035
ვფიქრობ, მესამე დოზა დაგვჭირდება უფრო მყარი იმუნიტეტისთვის — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ COVID-19-ზე ორჯერ აცრილი პირებისთვის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებაც იქნება საჭირო.

გამყრელიძის თქმით, მესამე ინექცია, სავარაუდოდ, სრული ორი დოზით ვაქცინაციიდან 6-8 თვეში იქნება საჭირო:

“ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებით. დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ საჭირო იქნება. იცით, რომ ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შეიძლება იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ იმუნიტეტი.

უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ მესამე დოზა ბევრ ვაქცინაზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი მოსახლეობაში შეიქმნას. დადგენილი არ არის, რა პერიოდში გახდება საჭირო მესამე ინექცია. დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს სადღაც 6-დან 8 თვის ზემოთ” ,— განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 9 ივნისს, ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში არ იქნება ვაქცინების მარაგების პრობლემა:

“უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე ჯერ დრო აქვს ქვეყანას. მოგეხსენებათ, დღევანდელი გათვლებით, ივლის-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანამ უნდა მიიღოს 3.6 მილიონი დოზა ვაქცინა და შემდგომ ეს მოწოდება უნდა გაგრძელდეს. ამაზე მიუთითებს ვაქცინის საერთაშორისო მწარმოებლების გეგმები.

მოგეხსენებათ, არ ყოფილა ვაქცინებზე ამ მასშტაბის მოთხოვნა. დიდი ალბათობით, ჩვენ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს”, — ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ამასთან, შესაძლებელი იქნება მესამე დოზით პირველი ორისგან განსხვავებული მწარმოებლის ვაქცინით იმუნიზაცია:

“ორი დოზით აცრის შემდეგ, როდესაც საჭირო იქნება მესამე დოზით აცრა, თავისუფლად შეიძლება, რომ მესამე ნექცია სხვა ვაქცინით მოხდეს. როგორც, ვთქვათ, გრიპზე ვაკეთებთ, როდესაც ერთ წელს შეიძლება აცრილი იყოთ ერთი კომპანიის ვაქცინით, მეორე წელს კი, სხვა მწარმოებლის. მაგალითად, ვინც ორჯერ აცრილია ასტრაზენეკას ვაქცინით, შეძლებს ფაიზერით, სინოვაკით ან სინოფარმით აცრას და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნება”, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი