ახალი ამბები

ევროკავშირში საქართველოს ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

9 ივნისი, 2021 • 1725
ევროკავშირში საქართველოს ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

აღნიშნული პოზიცია ვაკანტური იყო მიმდინარე წლის მარტიდან, როდესაც ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ მახარობლიშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლიდან იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იგი კურირებდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატებს, მათ შორის, ასოცირების კომიტეტს, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებებს, მაღალი დონის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგს, ადამიანის უფლებებზე ევროკავშირთან დიალოგს და სხვა. გარდა ამისა, უწყებრივ კოორდინაციას უწევდა ასოცირების შესრულებისა და ევროკავშირის დახმარების საკითხებს.

2012-2016 წლებში ვახტანგ მახარობლიშვილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამასთან, 2013 წელს იყო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2005-2009 წლებში ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო 2009 – 2012 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი — დირექტორად.

2004-2005 წლებში ვახტანგ მახარობლიშვილი მუშაობდა ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, 2002-2004 წლებში ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, ასევე იყო ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინგეტრაციის სამმართველოს უფროსი.

2001-2002 წლებში მახარობლიშვილი მუშაობდა ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივნის თანამდებობაზე. 2000 -2001 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე.

ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი