ახალი ამბები

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი საცხოვრებლიდან გამოაგდეს ძალადობის ფაქტებზე საუბრის გამო — ლომჯარია

9 ივნისი, 2021 • 1298
პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი საცხოვრებლიდან გამოაგდეს ძალადობის ფაქტებზე საუბრის გამო — ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს უთხრა, მის ოფისს დაუკავშირდა პირი, რომელმაც ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. თუმცა, რადგან დღემდე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უნივერსიტეტში სწავლობს და ცხოვრობს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საცხოვრისის გარეშე დატოვეს.

“დაგვიკავშირდა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ამჟამად ირიცხება საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში. იქ ძირითადად სწავლობენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები და დღესდღეობით მათი ერთადერთი რეალური საცხოვრებელი ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელია.

პირმა, რომელიც სრულწლოვანია, გვითხრა, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად გადაწყვიტა, მიეცა ჩვენება ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის, თუმცა პოლიციიდან უკან დაბრუნებულს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს, დაეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია, რადგან მან პოლიციას ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღამე ერთ-ერთ ადგილობრივთან გაათია და დღესდღეობით ის ღია ცის ქვეშაა. სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გამოიძებნოს მისთვის თავშესაფარი, რადგან მას სხვა საცხოვრისი არ აქვს”, — აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ მსგავსი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კერძოდ, იძულებას, და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ლომჯარიას თქმითვე, ამ ადამიანის გარდა, კიდევ არიან აღსაზრდელები, რომლებიც მსგავს ზეწოლას განიცდიან, რათა არ ისაუბრონ პოლიციასთან.

“მინდა სახელმწიფო ინსიტუტებამდე მივიტანოთ ხმა, რომ მსგავსი სერიოზული ზეწოლა [მიმდინარეობს] და რეალურად, აღსაზრდელები თუ ყოფილი აღსაზრდელები ხშირ შემთხვევაში ერთადერთი საცხოვრებლის, თავშესაფრის დაკარგვის შიშის ფასად საუბრობენ სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ამ პირის განცხადებით, ასევე არიან სხვა სრულწლოვნები, ყოფილი აღსაზრდელები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას, თუმცა ისინი უყურებენ, როგორ განვითარდება მოვლენები მასთან მიმართებით. ამიტომ ეს შემთხვევა სხვისთვისაც სამაგალითო იქნება. თუ ადამიანი სამაგალითოდ დაისაჯა იმისთვის, რომ ისაუბრა გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, სხვები თავს შეიკავებენ გამოძიებასთან საუბრისას”, — ამბობს ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი