ახალი ამბები

მეტი გამჭვირვალობა და ნდობა კანონის უზენაესობის სფეროში არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება – ჰარცელი

9 ივნისი, 2021 • 671
მეტი გამჭვირვალობა და ნდობა კანონის უზენაესობის სფეროში არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი რეფორმებისთვის კარგი საფუძველია.

ჰარცელი დღეს დაესწრო ევროკავშირის “სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის” დასკვნით ღონისძიებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სასამართლოს მხარდაჭრის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც  ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვრივალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

“მოხარული ვარ, რომ ბევრი შედეგი დაიდო წლების განმავლობაში. ამავდროულად, ხაზს გავუსვამ შემდგომი მიღწევების საჭიროებას ნდობის მშენებლობის კუთხით როგორც სასამართლოს სისტემის, ისე უფრო ფართოდ, კანონის უზენაესობის მიმართულებით. ამისთვის 19 აპრილის შეთანხმება ძალიან კარგი საგზაო რუკა და სამუშაო გეგმაა და ყველა მხარისგან ველით მის იმპლემენტაციას. მეტი ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ნდობის მშენებლობა კანონის უზენაესობის სექტორში არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და მისი მოქალაქეები იმსახურებენ”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც “სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის” დასკვნით ღონისძიებაზე აღინიშნა, დამოუკიდებლობის, ეთიკის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სასამართლოში ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერის პრიორიტეტად რჩება.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს. ასევე, დღის წესრიგის პრიორიტედად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების სამართლებრივი დასაბუთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით”,- ნათქვამია “სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის” ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი