ახალი ამბები

მელიას გამოსვლის შეეშინდათ და სხდომა გადადეს – დეკანოიძე

8 ივნისი, 2021 • 774
მელიას გამოსვლის შეეშინდათ და სხდომა გადადეს – დეკანოიძე

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უმრავლესობას ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შეეშინდა და პლენარულ სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გადადო.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ნიკა მელია ენმ-ის ფრაქციის დროით სხვა სესიაზე ისარგებლებს და სიტყვით მაინც გამოვა.

“ეს იყო შიშის ფაქტორი. თავიდან ამნისტიის კანონპროექტი ჩახსნეს. ეს ამნისტიის კანონპროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ვაპირებდით გამოსვლას. მათ შორის ჩახსნეს მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა პარტიულ დაფინანსებას. იმდენად შიში ჰქონდათ, რომ ნიკა[მელია] არ გამოსულიყო, სასწრაფოდ დაამთავრეს სხდომა. მაგრამ ჩვენ აქ არ მოვედით იმისთვის, რომ მათ დღის წესრიგს მოვერგოთ. მე არ მაინტერესებს მათი დღის წესრიგი, როგორ შეუძლიათ, შიშით ნებისმიერი სისულელე ჩაიდინონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით და ნიკასაც ექნება ფრაქციის დროით გათვალისწინებული თავისი გამოსვლა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით კი, პარლამენტს თავისი დღის წესრიგი აქვს და თუ ენმ-ს განცხადებების გაკეთება უნდოდა, მაშინ სესიაზე დროულად უნდა მისულიყვნენ.

“პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ, ყოველ სამშაბათს, 12 საათზე იწყება. პარლამენტს აქვს თავის დღის წესრიგი და ახლა ისწავლიან ნელ-ნელა. შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ მაინც ვერ ისწავლეს. დღის წესრიგი აქვს პარლამენტს, პარლამენტში კენჭისყრები უნდა ჩატარდეს იმ საკითხებზე, რომელიც უკვე განხილული იქნა დღეს. შიშზე თუ ლაპარაკობენ, ხვალ დილითაც უნდა მოვიდნენ და არ დავხვდებით აქ, თუ ვერ მივხვდი. აგონიაში არიან. შიშს რაც შეეხება, 50 ადამიანი იყო შეკრებილი გარეთ მათ დასახვედრად და ამისი შიშით 6 საათის განმავლობაში პარლამენტში შემოსვლა ვერ მოახერხეს. ვის შიშზე ლაპარაკობენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 8 ივნისს, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ერთად ბლოკში შემავალი პარტიები პარლამენტში შევიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი