ახალი ამბები

“გირჩი” საყოველთაო ამნისტიის წინადადებით გამოდის

8 ივნისი, 2021 • 1057
“გირჩი” საყოველთაო ამნისტიის წინადადებით გამოდის

“გირჩი” დეპუტატებს და იურისტებს საყოველთაო ამნისტიაზე მუშაობაში დახმარებას სთხოვს.

როგორც “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეხვედრა ჰქონდა ადვოკატ ალექსანდრე კაპანაძესთან, ვისთანაც ციხეში არსებული სიტუაცია განიხილეს და საერთო აზრი ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში საჭიროა საყოველთაო ამნისტია, რომელიც თუნდაც მცირედით, მაგრამ ყველას ან პატიმრების უდიდეს ნაწილს შეეხება.

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე კაპანაძე გარდაიცვალა, თუმცა “გირჩი” თავს მოვალედ თვლის, ამ საკითხს თავი არ დაანებოს.

“გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს კოლეგებს ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც ვთხოვოთ დახმარება, რომ ერთად ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტზე, იმაზე, რაზეც შევთანხდებით, მაგრამ ქვეყანაში ციხეში მყოფ ადამიანებს მივცეთ იმედი, რომ ისინი არ არიან დავიწყებული და რაღაცნაირად მათი საქმეების გადასინჯვა შესაძლებელია. ჩვენ 100 ათას ადამიანზე 264 პატიმარი გვყავს და პატიმართა რაოდნეობით ევროპაში მესამე ვართ, თურქეთის და რუსეთის შემდეგ.

მმართველი პარტიის გაცხადებული პოზიციაა, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ. თუ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წელს სერიოზული იყოს, მე მგონი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პატიმართა რაოდენობა იყოს ნაკლები. მინდა ვთხოვო დახმარება ჩემს კოლეგებს, ალექსანდრე კაპანაძის კოლეგებს, იურისტებს, ადვოკატებს, პენიტენციურ სისტემას. მე არ მივდივარ ციხეებში მათთან სამტროდ ან “საკლაოზნიკოდ”. ბევრი ადამიანი პირობითი მსჯავრით არის გათავისუფლებული, მაგრამ სამსახურს ვერ იწყებს. მინდა ყველა ამ საკითხს გადავხედოთ პარლამენტმა”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი