ახალი ამბები

უკრაინული ეკლესიის დელეგაციაში მილიარდერი სასულიერო პირიც იმყოფებოდა

8 ივნისი, 2021 • 1989
უკრაინული ეკლესიის დელეგაციაში მილიარდერი სასულიერო პირიც იმყოფებოდა

მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინული  ეკლესიის დელეგაციაში, რომელიც 7 ივნისს მიიღო ილია II-მ, იმყოფებოდა მილიარდერი ბიზნესმენი ვადიმ ნოვინსკი.

ნოვინსკი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატია, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის აქტიური მოწინააღმდეგეა. ის გასულ წელს პროტოდიაკვნად ეკურთხა მოსკოვს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიაში. forbes-ის თანახმად, მისი ქონება 1.4 მლრდ დოლარს შეადგენს.

შეხვედრა საპატრიარქოში

7 ივნისს ილია II-ს, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ეწვია. შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ:

  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი),
  • საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),
  • ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),
  • გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

უკრაინული ეკლესიის წარმომადგენლობაში კი მღველმთავარ მიტროპოლიტ ანტონთან ერთად ვადიმ ნოვინსკიც იმყოფებოდა.

ვინ არის ვადიმ ნოვინსკი?

ვადიმ ნოვინსკიმ, რომელიც რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი, უკრაინის მოქალაქეობა 2012 წლის 29 მაისს მიიღო, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

Forbes-ის 2018 წლის მილიარდერთა სიაში ის 2124-ე ადგილს იკავებდა $1-მილიარდიანი ქონებით. იგი უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული კომპანიის, Smart Holding Group-ის თანამფლობელია.

2013 წელს ნოვინსკი უკრაინის პარლამენტში შევიდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ამჟამად რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მანდატით. მაშინ ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიას უჭერდა მხარს, რომელიც ახლა აღარ არსებობს.

2014 წელს, ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნოვინსკი კვლავ მოხვდა პარლამენტში, ახლა უკვე ოპოზიციური ბლოკის მანდატით [ეს იყო ექვსი პარტიის კოალიცია, რომლებიც ევრომაიდანს მხარს არ უჭერდნენ და ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის პარტიის მემკვიდრეებად მიიჩნეოდნენ].

2018 წლის აგვისტოში „უკრაინის საინფორმაციო სააგენტო“ იუწყებოდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა ნოვინსკის მოქალაქეობის კანონიერებას ამოწმებდა.

დელეგაცია უკრაინიდან სტუმრად ილია მეორესთან. ბიზნესმენი ნოვინსკი მარცხნიდან პირველი

ის კიდევ ერთი გამოძიების ობიექტი იყო – პროკურატურა იკვლევდა, მონაწილეობდა თუ არა ნოვინსკი მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის აწ გარდაცვლილი წინამძღოლის იძულებითი გადაყენების მცდელობაში და უკანონოდ აღუკვეთა თუ არა მის პირად ასისტენტს თავისუფლება. ამ ბრალდებას დეპუტატი კატეგორიულად უარყოფდა.

უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში ვადიმ ნოვინსკი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურად მოიაზრებოდა მათ შორის, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

2018 წლის ივლისში, ახალი ამბების პორტალ BL.ua-სთან ინტერვიუს დროს, ბიზნესმენმა და დეპუტატმა სამოქალაქო ომი იწინასწარმეტყველა იმ შემთხვევაში, თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ტომოსს მიანიჭებდა.

აღსანიშნავია, რომ ნოვინსკი არ ცნობს რუსეთის ტერიტორიად 2014 წელს ანექსირებულ ყირიმს. ანექსიის შემდეგ მილიარდერმა დახურა კლუბი „სევასტოპოლი“, რომელსაც ფლობდა და აფინანსებდა. ამავე წელს გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყირიმში არსებული თავისი აქტივები გაეყიდა.

2018 წლის დეკემბერში „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური წერდა, რომ რუსეთმა ნოვინსკიც მოაქცია იმ პირთა სიაში, რომელთაც სანქციები დაეკისრებათ. გამოცემა წერდა, რომ „სია ყურადღებას იქცევს იმ ფაქტით, რომ ის მოიცავს არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელთაც უკრაინაში პრორუსული რეპუტაცია აქვთ, ან ძალიან ზომიერი პოზიცია უკავიათ დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით“.

ნოვინსკი – პროტოდიაკვანი

ნოვისკი 2020 წლის აპრილში ეკურთხა პროტოდიაკვნად ამავე ეკლესიაში.

„მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ თანახმად, ნოვინსკი აცხადებდა: „სასულიერო პირად კურთხევამდე გზა „გრძელი და რთული იყო, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა“.

ნოვინსკი და საქართველო

ეს არ ყოფილა პირველი შეხვედრა ილია II-სთან, რომელსაც ნოვინსკიც ესწრებოდა. წინა ვიზიტი 2019 წელს შედგა.

კერძოდ, 2019 წლის 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები და მათ ნოვინსკიც ახლდა თან.

ნოვინსკი ერთადერთი საერო პირი იყო, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა.

დელეგაცია უკრაინიდან სტუმრად ილია მეორესთან. ბიზნესმენი ნოვინსკი მარცხნიდან პირველი. 2019 წელი.

რაც შეეხება წლევანდელ ვიზიტს: როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრი წერს, „შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა“:

„მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები“.

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წლის ბოლოს მიიღო.

2019 წლის დასაწყისში კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა [ანუ მათი ავტოკეფალია აღიარა].

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი