ახალი ამბები

შსს: ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

8 ივნისი, 2021 • 983
შსს: ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვი ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, დაკავებულები არიან 1984 წელს დაბადებული ლ. ნ., 2002 წელს დაბადებული ნ. ქ., 1999 წელს დაბადებულ ა. ჭ., 2002 წელს დაბადებული მ. კ.

შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა, ლ.ნ-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნ.კ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, “მეტადონის” შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. “ბიო” ამოიღეს:

“ნივთმტკიცებად ამოღებულია მათ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“. ლ.ნ-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” ,- აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს განცხადებით, ნ.ქ-ს კი ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის მცდელობა, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, უწყების თქმით, პოლიციამ, ა. ჭ-ის და მ. კ-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად და გასაღების მიზნით უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპის” შემცველი 1,670 მლ სითხე.

შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ და საკურიერო სერვისის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ყუთების გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალება
“ალფა-პვპს” შემდგომი რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ:

“სამართალდამცველებმა აღნიშნული ლოკაციებიდან 15 შეკვრად დაფასოებული 16 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპი“ ამოიღეს.
ა. ჭ-ს და მ. კ-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ ბრალი, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.

ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი