ახალი ამბები

“მოქალაქეებს” სურთ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეეძლოს

7 ივნისი, 2021 • 1058
“მოქალაქეებს” სურთ,  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეეძლოს

“მოქალაქეებმა” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორი დეპუტატითაც შესაძლებელია. აღნიშნული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის განახლებული რეგლამენტით კი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეუძლია. პარტია “მოქალაქეები” კი პარლამენტში ორი დეპუტატით არის წარმოდგენილი. კიდევ ერთი პარტია, რომელიც პოლიტიკური ჯგუფს ვერ ქმნის, “გირჩია”, რადგან მას პარლამენტში სამი დეპუტატი ჰყავს.

“არა მარტო ოთხკაციან, არამედ ორკაციან პოლიტიკურ ჯგუფსაც მიენიჭოს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის. დღეს ბიურომ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამოხატავს კონკრეტული ამომრჩევლების ნებას, მას უნდა ჰქონდეს ის უფლებამოსილება, რითიც აღჭურვილია ფრაქცია”, – განაცხადა “მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელინმა.

პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი