ახალი ამბები

ლატვია საქართველოს 15 000 ვაქცინას გადმოსცემს

7 ივნისი, 2021 • 781
ლატვია საქართველოს 15 000 ვაქცინას გადმოსცემს

ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს.

ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს“, — განაცხადა რინკვიჩმა.

მან ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეარ ბალტიკი“ თბილისი-რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი გამოთქვა, რომ მიმოსვლა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის განახლებას.

7-8 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, იგი ასევე ჩანაწერს გააკეთებს საპატიო სტუმრების წიგნში.

მასალების გადაბეჭდვის წესი