ახალი ამბები |

გერმანელი კარდინალი კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო გადადგა

4 ივნისი, 2021 | | 760
გერმანელი კარდინალი კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო გადადგა

კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მღველმსახურმა, მთავარმა გერმანელმა კარდინალმა და რომის პაპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, რეინარდ მარქსმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. სასულიერო პირი ამბობს, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას გასული ათწლეულების განმავლობაში სასულიერო პირების მხრიდან “სექსუალური ძალადობასთან დაკავშირებულ კატასტროფაზე”.

მისი განცხადება რომის პაპს ჯერ არ დაუკმაყოფილებია და შესთავაზა, გააგრძელოს ეპისკოპოსობა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

Associated Press-ის ინფორმაციით, ამ რადიკალური ჟესტით კარდინალმა მარქსმა აჩვენა, რომ სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეგირებით კათოლიკური ეკლესია ჩიხში შევიდა.

მარქსის თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში იყო როგორც ბევრი პერსონალური ჩავარდნა და ადმინისტრაციული შეცნომა, ისევე ინსტიტუციური და სისტემური ჩავარდნები.

2018 წელს ეკლესიის დავალებით გაკეთებულმა მოკვლევამ აჩვენა, რომ 1946-დან 2014 წლამდე პერიოდში, გერმანიაში, სულ მცირე, 3 677 ადამიანი იყო სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მსხვერპლთა ნახევრაზე მეტი 13 წლის ან ნაკლები ასაკის იყო, აქედან დაახლოებით მესამედი სტიქაროსანი ბიჭები იყვნენ.

წლის დასაწყისში გამოქვეყნდა კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც კიოლნის ეპარქიაში სექსუალური ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა. ჰამბურგის არქიეპისკოპოსი, კიოლნის ეპარქიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც დადანაშულებული იყო ანგარიშში, საეკლესიო საქმიანობას გაუთვალისწინებელი დროით ჩამოსცილდა.

თვითონ რეინარდ მარქსი ამ დრომდე არცერთ საგამოძიებო დასკვნაში არ ფიგურირებს, თუმცა გერმანულმა სააგენტო Dpa-მა დაწერა, რომ ამ ზაფხულს იგეგმება სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიება მარქსის ეპარქიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი