ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს

4 ივნისი, 2021 • 2126
სოხუმი ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანკარაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ერდოღანმა შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფარგლებში.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს თურქეთის პრეზიდენტის სურვილს საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით აღმოფხვრის შესახებ, თუმცა, თუ პრეზიდენტ ერდოღანს მართლაც სურს, ითამაშოს კონსტრუქციული როლი რეგიონულ დღის წესრიგში, მაშინ თურქეთის რესპუბლიკამ უნდა შეიკავოს თავი მიკერძოებული და სტერეოტიპული განცხადებებისგან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მითიურ ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “აფხაზეთი მიესალმება მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის ყველა ფორმას შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას შორის. თუმცა, ამავდროულად, სამწუხაროა, რომ ობიექტური რეალობის აღიარების ნაცვლად, ზოგი რეგიონალური პოლიტიკოსი ირჩევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეუსაბამო სტერეოტიპებით სპეკულირების გზას”.

“ჩვენ გვწამს, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსებისთვის შეუფერებელია მსგავსი ეპითეტების გამოყენება, რაც რადიკალურად ამახინჯებს ობიექტურ რეალობას ჩვენს რეგიონში”, – აცხადებს სოხუმი.

ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქ კოლეგას პირველ ივნისს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი