ნეტგაზეთი | რაზე ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სენატორებთან შეხვედრაზე რაზე ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სენატორებთან შეხვედრაზე – Netgazeti
RU | GE  

რაზე ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სენატორებთან შეხვედრაზე

აშშ-ის სენატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ის საკითხები დაასახელეს, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, სენატორ შაჰინთან და პორტმანთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს გახმაურებულ საქმეებზე და ხაზი გაუსვეს მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობას:

“შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ყველა საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვისაუბრეთ. პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა. ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას უგულავას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე. ხაზი გავუსვით რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმა, რომ ასეთი საქმეები არ იყოს ქვეყანაში.

ეს არამხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ კრიზისები არ მივიღოთ, არამედ ინვესტიციები იყოს ამ ქვეყანაში და შეძლოს განვითარება ეკონომიკამ. იყო ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზეც საუბარი. ვისაუბრეთ გახელაძის საქმეზე, რომ საჭიროა ამაზე უფრო ხმამაღლა ისაუბროს ხელისუფლებამ. ასევე ნინოწმინდის პანსიონზეც ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით რომ ყველა რეფორმა უკან დაგვრჩება თუ არ მოგვარდება ბავშვების უფლებების საკითხი” – ამბობს ხათუნა სამნიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი აღნიშნა, რომ საუბარი არ ყოფილა მხოლოდ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და მის პატიმრობაზე, თუმცა სენატორების მხრიდან ამ საკითხებზეც იყო ინტერესი. მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ დამკვირვებლების რაოდენობა ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი იყოს და შეხვედრაზე ეს თემაც განიხილეს:

“სასიხარულოა, რომ ასეთი მეგობრები ქვეყანას ჰყავს და ისინი არამხოლოდ ვაშინგტონიდან ადევნებენ თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, უშუალოდ თბილისში არიან.

მნიშვნელოვანია რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი აღარ იყოს მართვის სადავეებთან. ამ ყველაფერზე იყო საუბარი, ისინი კარგად არიან ინფორმირებული რა ჭირდება სახელმწიფოს რომ ჩადგეს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში” – ამბობს ნიკა მელია.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ სენატორებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის საჭიროებებზე ესაუბრა:

“მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები. ამიტომ, პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად.

მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი არის თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, მართლმსაჯულების საკითხს ამ ორ საკითხს გავუსვი ხაზი და ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ სენატორებთან ასევე ისაუბრეს ჟენევის ფორმატში გაფართოებაზე სახელმწიფო მდივნის დონეზე:

“რაც მთავარია, საუბარი გვქონდა ყველა საკითხზე. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება. იყო კონკრეტულ მექანიზმზეც საუბარი რომ მე-5 მუხლი არ ამოქმედდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ისე იქნეს საქართველო მიღებული ნატოში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომ ჟენევის ფორმატი აიწიოს სახელმწიფო მდივნის დონეზე თუ იქნება შესაძლებელი. მნიშვნელოვანი აქაც იყოს შეერთებული შტატების დიდი ჩართულობა” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.