ახალი ამბები

ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა — ირაკლი კოვზანაძე

2 ივნისი, 2021 • 1104
ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა — ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან დღეს, 2 მაისს,  კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშს უსმენდენ.

კოვზანაძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ჰკითხა, ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის.

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია — ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“, — აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას? მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტდამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით, ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?” — განაცხადა კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ეროვნულ ბანკს შესაბამისი გათვლები ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი