ნამახვანჰესის საწინაარმდეგო პროტესტის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერად, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” სასამართლოს პარალელურად ხვალ აქციას გამართავს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებთან აქციის ორგანიზატორებს მჭირდო კომუნიკაცია აქვთ, იმ სამი დღის განამვლობაში, როდესაც შსს-ს თქმით, ირაკლი მუკბანიანს ეძებდნენ, ამ საკითხზე ორგანიზატორებისთვის არავის არაფერი უთქვამს:
“ჩვენ პოლიციის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია გვაქვს და ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვირეკავენ, გვაგებინებენ ყველა დეტალს. მათ არ აქვთ პირადად ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. მათ რომ ეთქვათ ჩემთვის ან რომელიმე ორგანიზატორისთვის, რომ იბარებდნენ ირაკლის პოლიციაში, არ დასჭირდებოდათ იმ სამი მიკროავტობუსი სპეცრაზმის გაგზავნა ირაკლის საცხოვრებელ ადგილას და ჩვეულებრივად გამოცხადდებოდა ეს ადამიანი პოლიციაში, ან თუ არ მივიდოდა, შემდეგ ემოქმედათ”, – ამბობს გოლეთიანი.
ვარლამ გოლეთიანი ასევე აღნიშნავს, რომ მუკბანიანის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციას და გეგმავენ, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვნენ. ამ მიზნით, ხვალ დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესის პარალელურად, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას გამართავს:
“ის, რომ სპეციალურად მოახდინეს პროვოცირება დაპირისპირების, მიუცვივდნენ ადამიანებს სასაფლაოზე, სპეცრაზმი როცა მივარდა შეძახილებით, მათ შორის მოხდა გამაფრთხილებელი გასროლაც და დაბნევა იმ ადამიანების, რომლებიც იქ იყვნენ. ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. სამი დღის განმავლობაში ვითომ ეძებდნენ ადამიანს, მიიღეს დაკავების განჩინება, მაგრამ არ უთქვამთ ჩვენთვის, როცა იციან, რომ ირაკლი ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტია და ბოლო პერიოდში გუმათში იმყოფება ჩვენთან ერთად კარავში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს მთელი პროცესი, გააშავოს ჩვენი მოძრაობა. ამიტომ კატეგორიულად ვამბობთ, ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ადამიანს დააბრალონ ის, რა ნაწილშიც დანაშაული არ მიუძღვის”, – ამბობს გოლეთიანი.
რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, რასაც დაკავებულ აქტივისტს ედავებიან, გოლეთიანი ამბობს, რომ დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ აქტივისტების მიმართ პოლიცია განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეურაცხყოფის დროს მუკბანიანმა პოლიციელის მიმართულებით ხელი მოიქნია:
“დღეს ვხედავთ უფრო დიდ, მძაფრად და მხატვრულად დადგმულ, კარგად დაგეგმილ პროვოკაციას. არავინ უარყოფს და ნახა საზოგადოებამ პოლიციისთვის ხელის მოქნევის კადრები. რა თქმა უნდა, ამას წინაპირობა ჰქონდა, რომ პოლიცია გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით ჩვენი მისამართით, რაც დედაქალაქიდან დავბრუნდით და ბარიკადთან ვიწვევთ ხმაურს. ისინი გამოირჩევიან სიტყვიერი შეურაცხყოფით და შეურაცხმყოფელი ჟესტებით, რაც კადრებზეცაა ასახული. ერთ-ერთი ასეთი შეურაცხყოფისას ირაკლიმ მოიქნია პოლიციის მიმართულებით ხელი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები”, – აცხადებს გოლეთიანი.
ვრცლად წაიკითხეთ:
გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ წყალტუბოში 1 პირი დააკავა







