ახალი ამბები

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგის დაკავებისას პოლიციამ 2 პირი დაჭრა. შსს-ს თქმით, 2 პოლიციელი დაშავდა

1 ივნისი, 2021 • 2329
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგის დაკავებისას პოლიციამ 2 პირი დაჭრა. შსს-ს თქმით, 2 პოლიციელი დაშავდა

წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში ერთი პირის დაკავებისას, — რომელსაც სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, — პოლიციამ ფეხში დაჭრა ორი ადამიანი. შსს აცხადებს, რომ დაპირისპირებისას პოლიციის ორმა თანამშრომელმა დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ივნისს წყალტუბოს სოფელ საყულიაში ძალის გამოყენებით დააკავა ერთი პირი, რომელსაც სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებულის ძმის თანახმად, მისი ძმის დაკავებისას პოლიციელებმა ფეხში დაჭრეს ორი ადამიანი.

დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ირაკლი მუკბანიანი. „მთავარ არხთან“ საუბარში მისი ძმა, ბესიკ მუკბანიანი აცხადებს:

„დიდი ხანია, ის იმყოფებოდა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე. ყველანი მშვიდობიანად არიან მანდ. 3 დღის წინ სხვებთან ერთად უნდოდათ მშვიდობიანი პროტესტით „ნამოხვანჰესისკენ“ წასვლა, რამაც პოლიციის მხრიდან გამოიწვია ჯიკაობა, მოწოლა, ჩვენი მხრიდანაც ასეთი რაღაცა და დაფიქსირდა ასეთი ფაქტი პოლიციის მხრიდან, მოიქნია ხელი, მოხვდა ხელი და ა.შ.“…

მისი თქმით, ამის შემდეგ 3 დღე გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი მისი ძმა ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა და არ იმალებოდა. შესაბამისად, სპეცოპერაციის საჭიროება არ იყო.

„დღეს ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი მამის საფლავს აკეთებდნენ თანასოფლელები, ძმაკაცები, ახლობლები. ყველანაირი გაფრთხილების გარეშე მოცვივდნენ [პოლიციელები] პირდაპირ, ცუდი რეაქციით, რაც არ იყო საჭირო არანაირად. „დაწექითო“ და გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერშიც არ გაუკეთებიათ, პირდაპირ მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, ორი ადამიანია დაჭრილი ფეხის არეში“, – ამბობს იგი.

შსს აცხადებს, რომ გამოძიების თანახმად, „ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს“.

პოლიციის პოზიციით, მუკბანიანის დაკავებისას, „პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა“.

მოგვიანებით შსს-მ დამატებითი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მუკბანიანის დაკავებისას „პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე“.

„ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად, პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა“, – აცხახდებს შსს.

„სიტუაციის ესკალაციის არიდების და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი