ახალი ამბები

სტიგმის თავიდან ასაცილებლად COVID-ის შტამებს ბერძნული ანბანის სახელები მიენიჭება

1 ივნისი, 2021 • 1591
სტიგმის თავიდან ასაცილებლად COVID-ის შტამებს ბერძნული ანბანის სახელები მიენიჭება

სტიგმის თავიდან ასაცილებლად Covid-19-ის შტამებს სახელი მიენიჭება ბერძნული ანბანის მიხედვით. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული “გარდიანი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს, შტამების სახელები იმ ქვეყნების ნაცვლად, სადაც ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი გამოჩნდა, ანბანით ჩაანაცვლოს.

ამრიგად, ორგანიზაცია აპირებს, ვირუსის ბრიტანეთში (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკაში, (B.1.351), ბრაზილიაში (P.1) და ინდოეთში (B.1.617.2) გავრცელებულ შტამებს “ალფა”, “ბეტა”, “გამა” და “დელტა” სახელწოდება მიანიჭოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი შტამების აღმოჩენა გაგრძელდება, მათთვის სახელი დარქმევა ანბანის მიხედვით გააგრძელოს.

ორგანიზაციის თქმით, სახელწოდებები არ ჩაანაცვლებს შტამების სამეცნიერო სახელწოდებებს, რომელიც რიცხვებისა და რომაული ასოებისგან შედგება, ვინაიდან აღნიშნული სახელწოდებები მნიშვნელოვან სამეცნიერო ინფორმაციას შეიცავს და კვლევებში მათი გამოყენება გაგრძელდება.

“მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ სახელწოდებებს დადებითი მხარეები აქვს, სამეცნიერო სახელწოდებები რთული წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელია, რამაც შესაძლოა შეცდომები გამოიწვიოს. შედეგად, ადამიანები ხშირად ამ შტამებს იმ ლოკაციების მიხედვით იხსენიებდნენ, სადაც ისინი დაფიქსირდა, რაც სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას იწვევს” ,— აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

იმისათვის, რომ მსგავსი სტიგმების წახალისებას ხელი შეეშალოს, ორგანიზაცია მოუწოდებს ჯანდაცვის ორგანოებსა და მედიაგამოცემებს, ახალი სახელწოდებები გამოიყენონ.

“გარდიანი” აღნიშნავს, რომ ისტორიულად, დაავადებებს ხშირად ანიჭებდნენ სახელწოდებას იმ ადგილების მიხედვით, რომელიც მოიაზრებოდა მისი წარმოშობის არეალად, თუმცა ამგვარი მიდგომა ხშირად დამაზიანებელი იყო ამ ადგილების მიმართ, ზოგჯერ კი- არაზუსტიც, რისი მაგალითიცაა “ესპანური გრიპი”, რომლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ ინდოეთის მთავრობამ უბრძანა სოციალური მედიის პლატფორმებს, წაშალონ კონტენტი, სადაც კორონავირუსის “ინდური შტამია” მოხსენიებული. ამასთან, “გარდიანი” ყურადღებას ამახვილებს, რომ ანტიაზიური სიძულვილის დანაშაული გაიზარდა იმის შედეგად, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელება ჩინეთის ქალაქ ვუჰანს დაუკავშირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არცერთი ქვეყნის სტიგმატიზება არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი