ახალი ამბები

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინეს

1 ივნისი, 2021 • 1554
ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინეს

41 წლის კაცი ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციიდან პირველი ადამიანია, რომელიც ფრინველის გრიპის H10N3 შტამით დაინფიცირდა. ინფორმაცის ამის შესახებ “როიტერსი” ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კაცი გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში 28 აპრილს გადაიყვანეს, 28 მაისს კი დაუსვეს H10N3 შტამის, ფრინველის გრიპის ვირუსის დიაგნოზი. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაედო აღნიშნულ პირს ვირუსი, ჩინურ მხარეს არ გაუვრცელებია.

“როიტერსი” წერს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და კლინიკა უკვე დატოვა. ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს მისი ახლო კონტაქტები, თუმცა ინფიცირების სხვა შემთხვევა არ დადასტურებულა.

გამოცემა წერს, რომ H10N3-ს გადაცემის დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს და თან არ სდევს მძიმე ავადობა. ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის თქმით, შესაბამისად, დაბალი იყო რისკი დაავადების ფართო პოპულაციაზე გავრცელებისა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, H10N3 გავრცელებული ვირუსი არ არის. მისი თქმით, ბოლო 40 წელში ვირუსის მხოლოდ 160 ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა, მეტწილად, გარეულ ფრინველებში აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა არცერთი შემთხვევა ქათმებში არ აღმოჩენილა.

“როიტერსი” აღნიშნავს, რომ ჩინეთში ბევრი სხვადასხვა ფრინველის გრიპია გავრცელებული, თუმცა ადამიანებში ფართო გავრცელება 2016-2017 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ვირუსის H7N9 შტამმა 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის განცხადებით, აღნიშნული შტამით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არსად მანამდე არ დადასტურებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი