ახალი ამბები

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე “ბახალა” სააპელაციომაც უდანაშაულოდ ცნო

1 ივნისი, 2021 • 2998
ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე “ბახალა” სააპელაციომაც უდანაშაულოდ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველ ინსტანციის გადაწყვეტილება და გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

მიუხედავად ამისა, მსახიობი კვლავ პატიმრობაში რჩება, რადგანაც ის მსჯავრდებულია 0.3726 გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის და 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება “ჩაუდეს”, რადგანაც პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, საუბარია “ბუპრენორფინის” შემცველი, დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების ქვეყანაში შემოტანაზე. აღნიშნულ საქმეზე “ბახალა” თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაამართლა, კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, ირაკლი ქორიძეს კი 15 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის 2018 წლის აპრილში წარუდგინეს. სასჯელი, რომელიც გიორგი გიორგანაშვილს ემუქრებოდა, 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბახალასთვის ახალი ბრალის წაყენების შესახებ 2018 წლის 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყებაში აცხადებდნენ, რომ გახსნეს 2017 წელს თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმე და დააკავეს ორგანიზატორი. ამ ბრალდებით უწყებამ ირაკლი ქორიძე დააკავა, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ვერსიით, 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს, გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის ფინანსური დახმარებით საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით “ბუპრენორფინის” შემცველი, დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალება. იმისათვის, რომ შეძენილი აბები საქართველოში შემოეტანათ, შსს-ს განცხადებით, ირაკლი ქორიძემ გამოიყენა შპს “კატასტროფის მედიცინის ცენტრის” რეანომობილები, სადაც თავად დირექტორის ფუნქციას ასრულებდა, ცენტრი კი პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევს, მათ შორის, საზღვარგარეთ.

შსს-ს განცხადებით, ქორიძემ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯაბა ხულორდავას:

“ხულორდავა 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გიორგი გიორგანაშვილი და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯაბა ხულორდავა რეანომობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით ხულორდავა ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ქორიძეს გადასცემდა. ქორიძემ რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა”, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ხულორდავა ფარულად შეხვდა გიორგანაშვილს, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ხულორდავამ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს, სასაზღვრო გამშვები პუნქტ “სარფის” გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ხულორდავა პოლიციამ 24 იანვარს დააკავა. შსს-ს ცნობით, მისი მითითებით ამოიღეს რეანომობილში არსებული სამალავიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი