ახალი ამბები

4 რამ, რაც პირველი ივნისიდან ქვეყანაში იცვლება

1 ივნისი, 2021 • 1254
4 რამ, რაც პირველი ივნისიდან ქვეყანაში იცვლება

დღეიდან, პირველი ივნისიდან, თბილისელებს გაზი უძვირდებათ. ასევე, ძალაში შედის რამდენიმე ცვლილება.

გაზის საფასური

“თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი 7.834 თეთრით გაუძვირდათ. სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა 53.972 თეთრი/კუბ.მ შეადგინა დღგ-ს ჩათვლით. ახალი ტარიფი ძალაში დღეიდან შედის.

გარდა ამისა, ტარიფის ცვლილების მოთხოვნით სემეკს მიმართეს “ვარკეთილ აირმა” და “ენერგოკავშირმა” და ივნისში კომისია ამ კომპანიების ტარიფებზეც იმსჯელებს. ეს კომპანიები ვარკეთილს, მუხიანსა და გლდანის ნაწილს ამარაგებენ გაზით.

სახმელეთო საზღვრები

პირველი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები იხსნება. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამდასტურებელი დოკუმენტებით და უარყოფითი PCR ტესტის მეშვეობით.

ამასთან, პირებს შეუძლიათ საქართველოს სახმელეთო საზღვარი ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტითაც გადმოკვეთონ, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქართველოში შემოსული პირები ვალდებული იქნებიან მომვდევნო 72 საათის გნამავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, გაცემულია რეკომენდაცია, ყველა ვიზიტორს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებს.

რესტორნები

პირველი ივნისიდან რესტორნები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეებშიც იმუშავებენ.  სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ბანკეტი, ქელეხი და ქორწილი, ისევ აკრძალული იქნება.

საშემოსავლო გადასახადი

დღეიდან დასრულდა კორონავირუსის პანდემის პერიოდში დაწესებული საშეღავათო პერიოდი, რაც დამქირავებელს 750 ლარამდე გაცემულ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 30 მაისის ბრიფინგზე ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადების გადახდის კიდევ 6 თვით გადავადებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი