ახალი ამბები

ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტს — გახარია 20 ივნისზე

31 მაისი, 2021 • 1257
ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტს — გახარია 20 ივნისზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისს უკანონო ბრძანება არ გაცემულა, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტებს მომავალშიც დაიცავს შტურმისგან.

“თქვენ თუ ფიქრობდით, რომ რადგან პოლიტიკური პოზიციონირება შევიცვალე, 20 ივნისთან დაკავშირებით პოზიციას შევიცვლიდი, ძალიან ცდებოდით“, — განაცხადა გახარიამ ტელევიზიების ტოქ შოუების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

“არცერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, ვინც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, კითხვაზე პასუხი არ გაუცია, რატომ აკეთებდნენ ამას”, — თქვა გახარიამ.

მისი აზრით, მაკო გომური, კობა ლეთოდიანი და 20 ივნისს დაშავებული სხვა ადამიანები “არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი, ისევე როგორც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან გადამეტების ნაწილი”.

“მაკო გომურთან მიმართებაში სამართლიანად რომ მივუდგეთ საკითხს, ჩემთან ერთად, როგორც მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს იმანაც, ვინც მოუწოდებდა შეჭრისკენ”, — აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიამ, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს შს მინისტრი იყო, ამბობს, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი თვითონ არის.

“ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, იქ თუ არ არის. 20 ივნისის განმავლობაში არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემთ”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პარლამენტიდან ადევნებდა თვალს, როგორ მოუწოდებდნენ პოლიტიკოსები შტურმისკენ, მანამდე, სამი საათის განმავლობაში, პოლიცია ითმენდა ფიზიკურ შეტევებს, 300 ფარი იყო გატაცებული, 30 პოლიციელი გამქრალი.

“სამართალდამცველებს ჰქონდათ ბრძანება, დაეცვათ სახელმწიფო ინსტიტუტი შტურმისგან და შეჭრისგან და თავიანთი სიცოცხლე.
ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტს”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პარლამენტის შტურმი არა მხოლოდ ძალადობის აქტი, არამედ პოლიტიკური აქტია და ყოველთვის იქნება ფიზიკური ძალადობით ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი.

“ტრაგიკულია, როდესაც მსგავს შემთხვევებს ადამიანების დაზიანება მოჰყვება. რა თქმა უნდა, მაკო გომური, ეს არის ტრაგედია. მაგრამ მე წარმომიდგენია და მინდა გთხოვოთ, თქვენც წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ეს მოძალადე რაზმები, რომლებიც ჩვენმა მოსახლეობამ ნახა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში”, — განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი