ახალი ამბები

გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე დაცვის სამსახურმა აქტივისტს სცემა

29 მაისი, 2021 • 945
გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე დაცვის სამსახურმა აქტივისტს სცემა

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურ აქციაზე დაცვის სამსახურის წარმომადგენელი აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელმაც რკინის ღობის მეორე მხარეს გადასვლა სცადა, ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

აქცია “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარედ 1 საათზე მეტია, მიმდინარეობს. საგამოფენო ცენტრის ერთ-ერთ პავილიონში დღეს, 29 მაისს, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს. სწორედ ამის გამო მივიდნენ ადგილზე აქტივისტები სხვადასხვა შინაარსის ბანერებითა და შეძახილებით.

ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქტივისტები ბარიერების გადალახვასა და იმ პავილიონთან მიახლოებას ცდილობენ, სადაც პრეზენტაცია უნდა ჩატარდეს. ამის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული დაცვის სამსახური არ აძლევს.

“ჩვენ როდესაც ვიმყოფებოდით ღობის უკანა მხარეს, ისინი იყვნენ ღობის მეორე მხარეს. ჩვენ ვერ გადავახტებოდით ღობეს და ღობეგადამხტრები ვერ შევიდოდით. შესაბამისად, ღობიდან ხელი გადმოყო და ისე დაგვარტყეს”, — უთხრა ბექა პაპაშვილმა ჟურნალისტებს.

“ექსპო ჯორჯიასთან” აქტივისტების მიერ მიტანილ ერთ-ერთ ბანერზე წერია  “არ შეგარჩენთ 20 ივნისს”, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ხაზგასასმელად. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

28 მაისს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიას “საქართველოსთვის” ერქმევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი