ახალი ამბები

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

27 მაისი, 2021 • 2480
ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ფონ კრამონი წერს.

როგორც ფონ კრამონის პოსტიდან ირკვევა, სააკაშვილთან უკრაინის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით , მაგრამ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარება არის რუსული ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გასაღები, ხოლო უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ფონ კრამონი.

ბრიუსელში შეხვედრების შესახებ საუბრობს თავად სააკაშვილიც და ამბობს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში, ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლაა.


ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი იყო. 2012 წლის აპრილში საქართველოში გერმანიის მარშალისა და ბოშის ფონდების 15-კაციანი დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა დელეგაციას, თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი იქნებოდნენ და ამის მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დელეგაციის წევრთა პოზიციები დაასახელა. შედეგად, ფონდებმა ვიზიტი საერთოდ გააუქმეს.

ვიოლა ფონ კრამონმა მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამოც გააკრტიკა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად “მავნებელ ჩრდილოვან აქტორად” მოიხსენია.

“ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში რაიმე სახით ჩარევა” ,- ამბობდა მარტში ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი