ახალი ამბები

აუდიტი ტვ რეიტინგების მთვლელ კომპანიაში: ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

27 მაისი, 2021 • 1065
აუდიტი ტვ რეიტინგების მთვლელ კომპანიაში: ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიაში აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ესტონურმა კომპანიამ გაიმარჯვა. ის ქვეყანაში მოქმედი ორი მთვლელიდან აუდიტს მხოლოდ ერთში — “ტრი მედია ინტელიჯენსში” — ჩაატარებს. მეორე კომპანიის, “თი-ვი ემ-არ საქართველოს” ხელმომწერმა ტელევიზიებმა კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს და მისი შეთავაზება იუარეს.

რეიტინგების მთვლელ კომპანიაში საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა. საბოლოოდ, ორ პრეტენდენტს — ფრანგულ “CESP”-სა და ესტონურ “threeM threeA OÜ”-ს — შორის კომისიამ ეს უკანასკნელი შეარჩია. ხელშეკრულება მომზადების პროცესშია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი 169 697 ლარია მითითებული.

რატომ ჩატარდება აუდიტი მხოლოდ 1 კომპანიაში?

საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს 2 კომპანია ითვლის.  მსგავს კომპანიებში პერიოდული საერთაშორისო აუდიტი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მიმდინარე წელს აღნიშნული პროცესის დაფინანსების მზადყოფნა გამოთქვა სახელმწიფო მარეგულირებელმა — კომუნიკაციების კომისიამ.

მიზეზებზე საუბრისას კომისია თავის განცხადებაში ამბობდა, რომ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ორი კომპანიის მონაცემები( სატელევიზიო რეიტინგები) ერთმანეთისგან განსხვავდება. უწყების თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, “ყველა განვითარებულ ქვეყანაში” სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს.

ამასთან, კომისიაში ფიქრობენ, რომ ეს მოცემულობა სარეკლამო ბაზარსაც ვნებს, ვინაიდან “განსხვავებული მონაცემების პირობებში რეკლამის დამკვეთებმა არ იციან, რომელია ზუსტი”.

კომისიის თანახმად, “ტრი მედია ინტელიჯენსი” დათანხმდა მის შეთავაზებას. შესაბამისად, ზემოხსენებული ესტონური კომპანია აუდიტს სწორედ იქ ჩაატარებს.

რაც შეეხება “თი-ვი ემ-არ საქართველოს”: მისმა ხელმომწერებმა, რომლებიც ძირითადად ოპოზიციური ტელეარხები არიან, კომუნიკაციების კომისიის შეთავაზება იუარეს. ისინი ამბობდნენ, რომ რეიტინგების მთვლელ კომპანიაში აუდიტორის მოწვევის საკითხი მთვლელსა და მის დამკვეთებს შორის წყდება და ეს კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით “თი-ვი ემ-არ საქართველომ” განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ “საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და არც სხვა რომელიმე სტრუქტურა არაა უფლებამოსილი შეარჩიოს/მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი”.

“შესაბამისად, ვერც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანია თავად ვერ შეარჩევს აუდიტორულ კომპანიას, ამისი პრეროგატივა მხოლოდ სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს გააჩნიათ”, — აღნიშნავდა კომპანია.

27 მაისს “თი-ვი ემ-არ”-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ კომპანიასა და კომისიას შორის ამ საკითხზე კომუნიკაცია აღარ ყოფილა. თავის მხრივ, კომისიაში დაგვიდასტურეს, რომ ხსენებული აუდიტი მხოლოს “ტრი მედია ინტელიჯენსში” ჩატარდება, ვინაიდან “თი-ვი ემ-არ”-ის შემთხვევაში არაფერი შეცვლილა.

საქართველოში მოქმედი 2 მთვლელის შესახებ

პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა 16 წლის წინ თავად ტელევიზიების დაკვეთით დაიწყო, “თი-ვი ემ-არ საქართველოა”.

რეიტინგების მთვლელი მეორე კომპანია “ტრი მედია ინტელიჯენსია”. კომპანია ბაზარზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მას უნდობლობა გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა ტელეარხებმა — “რუსთავი 2-მა” (ნიკა გვარამიას დირექტორობისას”), “კავკასიამ” და ტვ “პირველმა”.

“თი-ვი ემ-არ საქართველო” რეიტინგების მთვლელი კომპანიის, “ნილსენის” პარტნიორია. ის სატელევიზიო რეიტინგებს ქვეყანაში 2005 წლიდან ზომავს. კომპანიის 100%-იან წილს საზოგადოება “თი-ვი ემ-არ” ფლობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოშია რეგისტრირებული.

წლების განმავლობაში “თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგებს ზომავდა. თუმცა სურათი შეიცვალა 2016 წელს, როდესაც ქვეყანაში შემოვიდა “ნილსენის” კონკურენტის, “კანტარის” წარმომადგენელი “ტრი მედია ინტელიჯენსი”.

ამ უკანასკნელის 50%-50%-ს მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი ფლობენ. ფაჩულია საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (გორბი) ერთ-ერთი მფლობელია, თევდორაშვილი კი წილებს ფლობს “პალიტრის” ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში.

საქართველოში შემოსვლისთანავე  “ტრი მედია ინტელიჯენსის” მომსახურების შესყიდვა დაიწყეს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ხელისუფლებასთან აფილირებულმა ტელევიზიებმა: “იმედმა”, “მაესტრომ” და GDS-მა.

“თი-ვი ემ-არ საქართველოს” კლიენტებად 2016 წლიდან დარჩნენ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები: “რუსთავი 2” (რომელიც ქიბარ ხალვაშს 2019 წლის ივლისში დაუბრუნდა), ტვ “პირველი”, “კავკასია”, “რუსთავი 2-დან” ნიკა გვარამიას წამოსვლის შემდეგ კი, ახლად დაფუძნებული “მთავარი არხი” და ტელეკომპანია “ფორმულა”.

ხელისფულებასთან აფილირებული ტელევიზიები მიიჩნევენ, რომ “თი-ვი ემ-არ საქართველო” რეიტინგებით მანიპულირებს და ამიტომ მხოლოდ “ტრი მედია ინტელიჯენსის” მონაცემებს ეყრდნობიან. საპირისპიროდ, “ტრი მედია ინტელიჯენსის” სანდოობაში შეაქვთ ეჭვი ოპოზიციურ ტელეარხებს და მხოლოდ “თი-ვი ემ-არ საქართველოს” უცხადებენ ნდობას.

სატელევიზიო რეიტინგები ყველა ტელევიზიისა და რეკლამის მსხვილი დამკვეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეკლამის დამკვეთები სწორედ სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით წყვეტენ, რომელ ტელეარხში რა ოდენობის რეკლამა განათავსონ.

ვრცლად ამ თემაზე:

ბრძოლა სატელევიზიო რეიტინგებისთვის — რატომ სურს მარეგულირებელს აუდიტის ჩატარება

მასალების გადაბეჭდვის წესი