ახალი ამბები

მეცნიერების თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინის შეცვლა შეიძლება ისე, რომ თრომბი არ გამოიწვიოს

27 მაისი, 2021 • 8753
მეცნიერების თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინის შეცვლა შეიძლება ისე, რომ თრომბი არ გამოიწვიოს

გერმანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ “ასტრაზენეკას” და “ჯონსონ&ჯონსონის” ვაქცინებსა და სისხლში იშვიათ თრომბს შორის კავშირის მიზეზს მიაგნეს. მათი განცხადებით, შესაძლებელია ვაქცინის შემცველობის ცვლილება ისე, რომ მათი მიღების შემდეგ ადამიანებს თრომბი არ განუვითარდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს, მათ შორის, The Guardian, Financial Times და ა.შ.

The Guardian-ის ცნობით, ფრანკფურტში გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი როლფ მარშალაკი აცხადებს, რომ მისი კვლევის მიხედვით, პრობლემა ადენოვირუსის ვექტორებშია, რომელსაც ვაქცინების მწარმოებელი ეს ორი კომპანია ვირუსთან საბრძოლველად იყენებს. კერძოდ, სწორედ ადენოვირუსის საშუალებით შეჰყავთ ორგანზმში ახალი კორონავირუსის S ცილა (იგივე Spike protein). ამის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება იმუნური რეაქცია, რაც ადამიანს სამომავლოდ კორონავირუსით ინფიცირებისგან ან მისი გართულებისგან იცავს.

“ასტრაზენეკას” და “ჯონსონ&ჯონსონის” ვაქცინების გარდა, ეს მეთოდი სხვა ვაქცინებში გამოყენებული არ არის. შესაბამისად, არ არის დაფიქსირებული სხვა ვაქცინებთან ასოცირებული თრომბის წარმოქმნის შემთხვევები.

სისხლის იშვიათი თრომბული რეაქცია “ასტრაზენეკას” და “ჯონსონ&ჯონსონის” ვაქცინების გაკეთების შემდეგ დიდ ბრიტანეთში 33 მილიონი ადამიანიდან 309-ს გამოუვლინდა, რომელთაგანაც 59 ადამიანი გარდაიცვალა. ევროპაში 16 მილიონი ვაქცინირებულიდან, სულ მცირე, 142 ადამიანს განუვითარდა თრომბი.

მარშალაკი ფიქრობს, რომ კომპანიებს არ უნდა გაუჭირდეთ თავიანთი ვაქცინების იმდაგვარად მოდიფიცირება, რომ სამომავლოდ საერთოდ გამოირიცხოს თრომბის წარმოქმნის რისკი.

მეცნიერის განცხადებით, კომპანია “ჯონსონ&ჯონსონი” უკვე დაუკავშირდა მარშალაკის ლაბორატორიას და დახმარება სთხოვა.

“[ჯონსონ&ჯონსონ] ცდილობს ვაქცინების ოპტიმიზაციას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, შეგვიძლია კომპანიებს ვუთხრათ, თუ როგორ მოახდინონ ამ თანმიმდევრობის მუტირება, S ცილების კოდირება ისე, რომ მათი არასასურველი დაყოფა თავიდან ავირიდოთ”, — განმარტა მარშალაკმა.

“ჯონსონ&ჯონსონმა” კი განაცხადა, რომ კომპანია მხარს უჭერს კვლევის გარგძელებას.

“ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ განვიხილოთ და გავიზიაროთ მონაცემები მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა”, — განაცხადეს კომპანიაში.

Financial Times-ის ინფორმაციით, მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მარშალაკის მსგავსი თეორიები უამრავია, შესაბამისად, საჭიროა კველვის გაგრძელება და ამჟამინდელი ინფორმაციის გამყარება.

თავად მარშალაკი კი აცხადებს, რომ მისმა ლაბორატორიამ აღმოჩენები გერმანიის მთავრობის შესაბამის უწყებებს გადასცა და “ისინი გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან აქამდე არავის უფიქრია დაყოფის პრობლემაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი