ახალი ამბები

“უნდა თქვან, რომ ყველა ჰესის წინააღმდეგი არ არიან” – მელია ნამახვანჰესის პროტესტზე

26 მაისი, 2021 • 2131
“უნდა თქვან, რომ ყველა ჰესის წინააღმდეგი არ არიან” – მელია ნამახვანჰესის პროტესტზე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციების ორგანიზატორებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, რომ “არსებითად წინააღმდეგნი არ არიან ჰესების მშენებლობის”.

“რიონის ხეობის მცველები საუბრობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ არსებითად წინააღმდეგი, რომ ჰესები აშენებულიყო, მაგრამ დროდადრო ეს გზავნილი გამრუდდა და საზოგადოების არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილში ისე დაილექა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, წინააღმდეგები არიან მშენებლობის [ჰესების].

ეს მათი მხრიდან მეტად უნდა იყოს ახსნილი. მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ, რადგან, ერთი მხრივ, საპროტესტო აქცია მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ხარჯზე და სამ და ოთხ წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდეს განიარაღებული და მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე დამოკიდებული”, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მიზეზი, თუ რატომ არ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, არის ის, რომ აქციებზე გზავნილები არ არის მკაფიოდ წარმოდგენილი.

“აქ ოქროს შუალედია დასაცავი. ის, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ამ აქციებზე, აქვს ახსნა, რომ მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზატორების მხრიდან.

ნიკა მელია და ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს ვერ დაუჭერს მხარს იმას, რომ სახელმწიფო გახდეს დამოკიდებული, მაგალითად, რუსეთზე. ეს იკვეთება ძალიან მკაფიოდ და მე იმედი მაქვს, რომ მეტ ახსნა-განმარტებას მისცემს [ვარლამ გოლეთიანი] საზოგადოებას”.

“მე ვურჩევდი ვარლამ გოლეთიანს, როგორც უმცროს მეგობარს, რომ მეტი ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას. შესაძლოა, რომ მას იგივე მოთხოვნები და წუხილები აქვს, მაგრამ მის გარშემო საზოგადოების ისეთი წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც სხვადასხვაგვარ დამაბნეველ გზავნილებს უგზავნიან და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი”, – აცხადებს ნიკა მელია.

მელიას განცხადებით, იგი მხარს დაუჭერს ვარლამ გოლეთიანს. “მას სჭირდება მხარდაჭერა, თუნდაც რეკომენდაციის მიცემის სახით. არა მხოლოდ ტელევიზიით, არამედ თუნდაც კერძო საუბარში, რათა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გამოუვიდეს და არა, ნებსით თუ უნებლიეთ, საპირისპირო”, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი