ახალი ამბები

დეპუტატები “გირჩს” კვოტირების გვერდის ავლისთვის აკრიტიკებენ

25 მაისი, 2021 • 1467
დეპუტატები “გირჩს” კვოტირების გვერდის ავლისთვის აკრიტიკებენ

დეპუტატები როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან “გირჩს” გენდერული კვოტირების პრინციპის გვერდის ავლისთვის აკრიტიკებენ.

საქართველოს პარლამენტი “გირჩის” სიით გასული დეპუტატისთვის, სალომე მუჯირისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე მსჯელობს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “გირჩის” სიით დეპუტატები გახდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი. როგორც ცნობილია, “გირჩი” კვოტირებას არ ეთანხმება და თავიდანვე განაცხადა, რომ სიაში მყოფი ქალები დეპუტატის მანდატზე უარს იტყოდნენ და სალომე მუჯირის ადგილს ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებდა. ამ მიზნის მისაღწევად სალომე მუჯირმა დაწერა განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, “გირჩმა” ცესკოში რეგისტრირებული პარტიული სია მე-8 ნომრიდან 129-ის ჩათვლით გააუქმა, რათა მუჯირის პოტენციურ ადგილმონაცვლეებად დაეტოვებინა მხოლოდ კაცები — ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია.

პლენარულ სესიაზე განხილვისას გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა:

“თქვენს იდეებს შორის, რომელიც უმრავლესობას არ მოგვწონს, ყველაზე სავალალო ქალების მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა. თქვენ ჩახსენით ყველა ქალი კანდიდატი სიიდან და უარი ათქმევინეთ თქვენს ერთადერთ დეპუტატ ქალს და ეს იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ქალების მონაწილეობის გაზრდა საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ ხარისხს მიანიშნებს”, — განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, პარტია “გირჩის” ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გენდერული კვოტირება საჭიროა.

“ამ თქვენმა ქმედებამ დაგვანახა ის მავნე რეალობა, რომ კაცები წყვეტენ, ქალი კანდიდატები როდის შეიყვანონ სიაში საკუთარი მიზნების მისაღწევად, იმიტომ, რომ ისე ცესკოში სიას ვერ წარადგენდით და შემდეგ თქვენ თვითონ წყვეტთ, როდის ჩახსნათ. არგუმენტი გექნებათ, რომ ეს თქვენი პოლიტიკური იდეოლოგიის ჭრილში ჯდება, მაგრამ მინდა აცნობიერებდეთ, რომ პარლამენტი ქვეყნის მოწყობის, ღირებულებების და ფუნქციონირების განმსაზღვრელი რეალური სუბიექტია და პარლამენტში შემოსვლით პასუხისმგებლობა გეკისრებათ არა მხოლოდ თქვენს ამომრჩევლებთან, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებაზე. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია არ აღიქმება სწორ მესიჯად. ეს ვერ და არ იქნება საპარლამენტო დონეზე დაშვებული”, — განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის მოსაზრებას მხარი დაუჭირა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

“მახსოვს, საკონსტიტუციო კომისიაში როცა გენდერული კვოტირების საკითხი დაისვა, მაშინაც არასერიოზული დამოკიდებულება და ბულინგიც კი იყო, როგორ გავბედე ამ თემაზე საუბარი. მიხარია, რომ ამ საკითხს სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კვოტირება არის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია შუშის ჭერის შერბილება”, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ სალომე მუჯირი მისი მეგობარია, რომელიც მეგობრებს დაეხმარა მიზნის მიღწევაში, თავი აერიდებინათ “იდიოტური რეგულირებისთვის”.

“თუ მართლა ექსპერტები წერდით ამ კანონპროექტს, რანაირად მოახერხეთ, რომ “გირჩს” გვერდი აევლო და მიეღწია იმ მიზნისთვის, რაც კანონში არ ჩაგიდიათ? ამავდროულად, ჩვენ მარტო არა ვართ ასეთი ხალხი. აგერ, წინ ერთი პარტიიდან გასული ოთხი მამაკაცი მიზის (იგულისხმება “ევროპელი სოციალისტები”). დღეს რომ ჩვენ გვაკრიტიკებთ, ქალბატონო ნინო, აქ არ იჯექით, ამ კანონს რომ ღებულობდით? ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე იყოთ გაბრაზებული და იმ ექსპერტებზე, რომლებიც კონსულტაციას გიწევდათ, ჩემი და სალომე მუჯირის მეგობრობაზე რანაირად ბრაზდებით? ჩვენ აღვასრულეთ “გირჩის” ამომრჩევლების ნება. თქვენ იმის გამო, რომ ეს სისულელეც [კვოტირება] კი წესიერად ვერ მიიღეთ, ჩვენზე გადმოგაქვთ ჯოხები და ქალთა უფლებების უპატივცემულობას გვაბრალებთ. ვგიჟდებით ქალბატონ სალომეზე, გუშინაც და გუშინწინაც მე და ვახო მეგრელიშვილი სალხში ვიყავით მასთან სტუმრად და ასეთ ადამიანზე მეუბნებით, რომ მის ინტერესებს მე ვარღვევ და თქვენ იცავთ. ეს ყველაფერი, დედას ვფიცავარ, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას თქმით, საუბარია არა მეგობრობაზე, არამედ გენდერული კვოტირების პრინციპზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში არის დანერგილი.

საბოლოოდ პარლამენტმა სამ დეპუტატს — ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს — სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. აქედან სესიაშვილი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა, მარიამ ქვრივიშვილი კი — ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.

ამ თემაზე:

2-მა პარტიამ კვოტირებას გვერდი აუარა, სად არის შავი ხვრელი?

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი