“გირჩმა” ცესკოში რეგისტრირებული პარტიული სია მე-8 ნომრიდან 129-ის ჩათვლით გააუქმა. შესაბამისად, თუ “გირჩის” სიით პარლამენტში გასული სალომე მუჯირი მანდატზე უარს იტყვის, პოტენციურ ადგილმონაცვლეებად მხოლოდ კაცები — ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია — რჩებიან და პარტია გენდერული კვოტირების პრინციპს გვერდს აუქცევს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამასთან, თუკი პარლამენტს წევრი გამოაკლდება, ის იმავე სქესის ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “გირჩის” სიით დეპუტატები გახდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი. როგორც ცნობილია, “გირჩი” კვოტირებას არ ეთანხმება და თავიდანვე განაცხადა, რომ სიაში მყოფი ქალები დეპუტატის მანდატზე უარს იტყოდნენ და სალომე მუჯირის ადგილს ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებდა. ალექსანდრე რაქვიაშვილი უკვე დადის პარლამენტში.
იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტის წევრი ის ოთხი ადამიანი უნდა იყოს, რომელთაც „გირჩის” მხარდამჭერებმა აირჩიეს.
“თავის დროზე სია „გირჩის” პრაიმერიზით შეირჩა. „გირჩის” მხარდამჭერებმა მათთვის სასურველი ათეული აირჩიეს. ამ ათ ადამიანში არც ერთი ქალი არ აურჩევიათ. სალომე მუჯირი პირადი მეგობარი, თანამოაზრე და კარგი ადამიანია. ის სამყაროს დაახლოებით ისე უყურებს, როგორც ვუყურებთ ჩვენ. არანაირი პრობლემა მასთან არ გაგვაჩნია. ვიღაც ჩვენგან სალომეს ინტერესებს რომ იცავს, ძალიან სასაცილო ამბავია. ზაფხულიდან ყველამ იცის, რომ ჩვენ პარლამენტში ოთხი ადამიანის გაყვანას ვაპირებდით, რომელიც „გირჩის” მხარდამჭერებმა აირჩიეს. ყველაფერი, რაც ამ მიზანს ეწინააღმდეგება, ფორმალობა იყო”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“გირჩი” მეორე პარტიაა, რომლის შემთხვევაშიც გენდერული კვოტირების პრინციპი დაირღვა. “პატრიოტთა ალიანსის”საარჩევნო სიიდან კანდიდატების ნაწილის მოხსნისა და პარლამენტში გასული დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში 4 კაცი აღმოჩნდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია სივრცე — კავკასიის” თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხზე მომუშავე „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში” 100 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული წარმომადგენელი იყო, აუცილებლად მიიჩნევს კანონმდებლობაში არსებული შავი ხვრელების ამოვსებას, რათა პარტიებს კვოტირების პრინციპისთვის თავის არიდების საშუალება არ ჰქონდეთ.
მოქმედი კანონდებლობით, თუ პარლამენტს გამოაკლდება პარტიული სიით არჩეული წევრი, მის ადგილს იკავებს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პავლიაშვილის თქმით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაცია იყო მანდატის გაუქმება, თუ სიაში ამოიწურებოდა განსხვავებული სქესის წარმომადგენლები, რომლებზეც მანდატი გადადიოდა. თუმცა პარლამენტმა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და თუ პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს იკავებს სიაში პარლამენტის გამოკლებული წევრის მომდევნო წევრობის კანდიდატი.
“არსებული ჩანაწერი აღარ აზღვევს რისკებს, რომ განსხვავებული სქესის წარმომადგენელს იძულებით ან რამე გავლენით დააწერინებენ განცხადებას და მანდატზე უარს ათქმევინებენ. კვოტა არის სავალდებულო მექანიზმი, თუმცა რეალურად ვხედავთ კანონიდან თავის არიდების პრეცედენტებს ჯერ “პატრიოტთა ალიანსის” და ახლა “გირჩის” შემთხვევაში. სავარაუდოდ, აიძულებენ ქალებს, რომ დაწერონ განცხადება და “ნებაყოფლობით” უარი განაცხადონ თავიანთ მანდატზე იმისთვის, რომ მთლიანად სიაში განსხვავებული სქესის რაოდენობა ამოიწუროს და მათი მანდატი გადაეცეს მამაკაცს. ეს წინააღმდეგობაში მოდის კვოტის ლეგიტიმურ მიზანთან”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” პავლიაშვილმა.
პავლიაშვილი ქალებს მოუწოდებს, უარი არ თქვან საკუთარ მანდატებზე, ხოლო იძულების შმეთხვევაში, ხმამაღლა განაცხადონ აღნიშნულის შესახებ.
“რადგან გენდერული კვოტირების პრინციპისთვის თავის არიდების გზა გამოინახა, პირველ რიგში, თვითონ პარტიაში ქალებმა უნდა გაზიარონ თავიანთი როლი და არ დათმონ მანდატი, ხოლო თუ იძულებას ექნება ადგილი, საჯაროდ განაცხადონ; პარლამენტმა და ცესკომ მოუწოდონ კონკრეტულ პარტიას, რომ შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები და დაიცვას თანასწორობის მიზანი. სამომავლოდ უნდა ვიფიქროთ საკანონმდებლო დონეზე ხარვეზის აღმოფხვრაზე, კერძოდ, თუ სიაში ამოწურა განსხვავებული სქესი, რომელზეც მანდატი გადადიოდა, მანდატი გაუქმდეს. ჯამურად მანდატის გაუქმება პარტიას სურვილს დააკარგვინებს, რომ კონკრეტულ ქალს გააუქმებინოს თავისი მანდატი და მისი უფლებამონაცვლე კაცი შეიყვანოს პარლამენტში”, — ამბობს პავლიაშვილი.
პავლიაშვილის ცნობით, ასეთ რეკომენდაციას სამოქალაქო სექტორი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების საკომიტეტო მოსმენებზე დააყენებს.