ახალი ამბები

8 ოპერაცია გავიკეთე, ცალ მხარეს სახის ძვლები არ მაქვს — სულაშვილის მიმართვა დეპუტატებს

24 მაისი, 2021 • 3707
8 ოპერაცია გავიკეთე, ცალ მხარეს სახის ძვლები არ მაქვს — სულაშვილის მიმართვა დეპუტატებს

“ძალიან ვნერვიულობ და მიჭირს საუბარი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე, აქ მოვსულიყავი და ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა”, — მიმართა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს.

კომიტეტზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტებს განიხილავენ. შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიას ეწინააღმდეგებიან 20 ივნისს დაშავებულები, რომელთაგან ორი — გიორგი სულაშვილი და დავით ხვადაგიანი — საკომიტეტო განხილვებზე მივიდა.

გიორგი სულაშვილმა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, პარლამენტთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა:

“20 ივნისს არ ვიცოდი, რა ხდებოდა, საღამოს დავბრუნდი სახლში და გავიგე, თურმე გავრილოვი ჩამოუყვანიათ. მოათავსეს [სავარძელში] ძალიან რბილად და თბილად და, ალბათ, იქამდე ტკბილი ჩაიც მიართვეს. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ავღელდი, გამახსენდა ის გმირები, რომლებიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ და საქართველოსთვის თავი შესწირეს; ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ჩვენი გმირების დახოცვაში, ჩამოვიდა საქართველოში და ზარ-ზეიმით დავხვდით, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი არ მოითმინა.

დაახლოებით ათი საათისთვის ვიყავი პარლამენტის წინ, არაფერი ხდებოდა, სრული სიმშვიდე იყო. მე როდესაც მივედი, ცრემლსადენი გაზი უკვე გაშვებული იყო და ხალხი დაშლილი იყო. შემდეგ 5 წუთში ისევ მოხდა ხალხის მობილიზაცია და განაგრძეს მშვიდობიანი პროტესტი. უცბად დაიწყო ჯერ ცრემლსადენი გაზის სროლა და შემდეგ — რეზინის ტყვიების. პატარა რეზინის ტყვიებზე არ მაქვს საუბარი, აქ იყო ნარინჯისფერი ტყვიები, რომლებიც საკმაოდ აზიანებენ ადამიანს. არ დავიწყებ, რისთვის ან რაში გამოიყენება ეს ტყვიები. დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა. არცერთი გაფრთხილება არ ყოფილა. არავის უთქვამს, დავიწყებთ სროლას და დატოვეთ ტერიტორიაო. ეს გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე დააბრმავეს, თვალი ამოგვთხარეს, ძვლები დაგვიმტვრიეს.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ 20 ივნისი არასდროს წაიშლება. თითოეული იქ დაზარალებული ადამიანი არის მსხვერპლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გავრილოვი ჩამოიყვანეს. თვალები დაგვთხარეს, ადამიანები დაუნდობლად სცემეს, ვინ აუნაზღაურებს მათ მორალურ, ფიზიკურ და ყველანაირ ტკივილს, რაც 20 ივნისის ღამეს მიაყენეს არა მხოლოდ შემსრულებლებმა, რომლებმაც ჩახმახს გამოჰკრეს თითი, არამედ ვინც ბრძანება გასცა. მე საერთოდ არ მაინტერესებს, თუ ვინ რას აწერს ხელს და რა ხელშეკრულებები იდება. ჩემი პოზიცია არის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისში  მიუძღვის წვლილი — იქნება პოლიციელი, რომელმაც გაისროლა, თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა. არ გაისვრიან, თუ არ აქვთ დავალება.

8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე მაქვს, იცოდეთ, რომ გადანერგილია. მხოლოდ თვალის დაკარგვაზე არ არის ლაპარაკი, ცალ მხარეს არაფერი მქონდა. ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო, რა გადავიტანეთ. დღესაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალი ამოგვთხარეს. მხოლოდ სამი პოლიციელი [ამდენია ბრალდებული უფლებამოსილების გადამეტებისთვის] ადამიანების ასე მასობრივად დასახიჩრებას ვერ შეძლებდა. რაც შეეხება ადამიანების მხრიდან ძალადობას, არავინ უმიზეზოდ არაფერს გააკეთებდა. იქნებოდა რაღაც წინა პროცესი, როდესაც ადამიანის მიმართ ძალადობა და გაღიზიანება მოხდა, მას შემდეგ, ალბათ, დაიწყო ის, რაც დაიწყო. არავის ვამართლებ, კანონის წინაშე უნდა ვიყოთ ყველანი ერთი — ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე. ჩვენ არ ვიყავით მოძალადეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები ვიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ დაგვცალდა პროტესტის გამოთქმა. 

20 ივნისის შემდეგ არცერთი ადამიანი არ დაინტერესებულა ჩვენი ბედით. არავინ მოსულა და არ უკითხავს: გიორგი სულაშვილო, როგორ ხარ?”

გიორგი სულაშვილი ისტორია ნახეთ ბმულზე:

20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი