ახალი ამბები

NGO-ები შსს-ს LGBT სამკლაურის გამო აქტივისტზე თავდამსხმელების მიმართ ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

24 მაისი, 2021 • 1342
NGO-ები შსს-ს LGBT სამკლაურის გამო აქტივისტზე თავდამსხმელების მიმართ ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) და “თანასწორობის მოძრაობა” დღეს, 24 მაისს ნამახვანი ჰესის საწინაარმდეგო აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და შსს-ს მოუწოდებენ, სამოქალაქო აქტივისტებზე ჰომოფობური შინაარსის თავდასხმაზე სათანადო ზომები გაატაროს.

კერძოდ, GDI-ში აცხადებენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

აღნიშნული თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.

ორგანიზაციის თქმით, ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის გურამ ფალავანდიშვილთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურების და სამოქალაქო პირებზე თავდასხმის პირველი ფაქტი, თუმცა, GDI-ს თქმით, შსს-ს არცერთ მსგავს შემთხვევაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია:

“აშკარაა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს ე.წ. სიძულვილის ჯგუფების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას და მათ დასჯას, რითაც კვლავ მშვიდობიან აქტივისტთა სამოქალაქო უფლებები ირღვევა, ხოლო მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ექცევა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“თანასწორობის მოძრაობა” კი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მხარს უჭერენ რიონის ხეობის მცველების სამართლიან პროტესტს და აღნიშნავენ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს:

“გვჯერა, რომ პროტესტის მიზანი საერთო კეთილდეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება. აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები გამოიყენონ.

ვრცლად იმის შესახებ, თუ რა მოხდა აქციაზე, წაიკითხეთ:

ფალავანდიშვილმა LGBT-სამკლაურიან აქტივისტს ჰესის საწინააღმდეგო აქციის დატოვება აიძულა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი