ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს და მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, „რიონის ხეობის მცველებს“ მხარდაჭერა გამოუცხადონ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქცია გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ამ დრომდე [17:30] გრძელდება. აქტივისტებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაათიეს, შუადღისკენ კი მსვლელობით დაიძრნენ თავისუფლების მოედნისკენ.
მსვლელობისას ასევე მივიდნენ იუსტიციის სახლთან, რა დროსაც გოლეთიანმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენ მოვედით ადგილზე, სადაც ის უკანონობა კანონდება, რაც რიონში ხდება. როდესაც ვამბობთ, რომ ნამახვანჰესი არის სისტემური პრობლემების სახე, ამაში ერთ-ერთი არის მიწის კანონი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთო რესურსი არასწორად და არამართლზომიერად განიკარგოს.
ჩვენი პროტესტი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ენერგოსექტორი გაჯანსაღდეს და გადავიდეთ იმ რელსზე, რომელიც განვითარებამდე მიგვიყვანს. აქ ბევრი სხვა პრობლემას იგულისხმება, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი სწორედ მიწის კანონია. [ამ კანონმა] თავი იჩინა ნამახვანჰესის პროექტშიც. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, პრაქტიკულად მთელი ხეობა გააჩუქოს მიზერულ ფასად, გადავიდეს ის კერძო სექტორის ხელში და შემდეგ წიაღისეული ვიწრო ინტერესის სასარგებლოდ მოხმარდეს“, – აცხადებს გოლეთიანი.
მისივე თქმით, სისტემური პრობლემები და რესურსების ვიწრო ინტერესზე დახარჯვა ჩანს ასევე ჭიათურის მაგალითზეც, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.
“ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც განკარგავს იმას, რაც მას ეკუთვნის. ჩვენ სხვისას არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვართ მხოლოდ იმის პატრონი, რაც ჩვენია“, – ამატებს გოლეთიანი.
ის ასევე მიმართავს დედაქალაქის მოსახლეობას და სოლიდარობისკენ მოუწოდებს – „დამერწმუნეთ, ერთად დგომით, ერთმანეთის ტკივილის გაზიარებით მივუდგებით საკითხებს, ნამდვილად გამოვიყვანთ ქვეყანას იმ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც 30 წელია ვბრუნავთ“.
„ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ და შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს მივიდნენ არა იმ აღლუმზე, არამედ ჩვენთან და ჩვენ უნდა იქიდან ვთქვათ, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი და ამ პროცესში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა“, – აცხადებს ის.